Thumbnail

იდეალური პასი - კვარაცხელიამ სეზონი საგოლე გადაცემით განაახლა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სპარტაკი 0:2 რუბინი | ხვიჩამ ორივე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა
  • 20 წლის ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია
  • კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონი განახლდა და ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე მატჩში საგოლე პასი შეასრულა. თანაც, ძალიან ეფექტური და ჭკვიანური!

რუბინი მოსკოვის სპარტაკს ესტუმრა და ჯორჯ დესპოტოვიჩის დუბლით 2:0 დაამარცხა. ხვიჩა 90 წუთი იყო მოედანზე და სერბმა ანგარიში 53-ე წუთზე სწორედ მისი გადაცემით გახსნა. კვარაცხელიამ კარგად შენიშნა მეტოქის დაცვაში არსებული სივრცე და მისკენ დაძრული დესპოტოვიჩი, პასი დროულად და იდეალურად გაუკეთა. 89-ე წუთზე დესპოტოვიჩმა დუბლი შეასრულა და ამჯერადაც ხვიჩას უდიდესი წვლილით - მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მეკარემ რთული ბურთი მოიგერია და ყაზანელთა ფორვარდმა დამატებაზე გაიტანა. დესპოტოვიჩმა დუბლი კი გაიფორმა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის კუთვნილი ჯილდო თამაშის შემდეგ ხვიჩას გადასცეს და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ორივე გოლში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები სპარტაკთან

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პრესეზონის ფარგლებშიც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და 6 გოლიც გაიტანა. მაგარ ფორმაში რომ არის, წლის პირველ ოფიციალურ მატჩშიც გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში ხვიჩას 17 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ამდენივე მოპოვებული პენალტი აქვს. ყაზანის რუბინი კი 31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 8 მარტს გათამაშების ლიდერ ზენიტს შინ დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები