Thumbnail
  • ბრუკლინ ნეტსი 98:115 დალას მავერიკსი
  • ჯეიმს ჰარდენი და ლუკა დონჩიჩი საუკეთესოები იყვნენ
  • მატჩის შემდეგ ნეტსის ლიდერმა სლოვენიელი შეაქო

დალასმა ბრუკლინის ბრწყინვალე, 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა - მავერიკსმა ნეტსი ნიუ იორკში 115:98 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჯეიმს ჰარდენმა ლუკა დონჩიჩზე ისაუბრა და სლოვენიელი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო.

დონჩიჩი, რომელიც დღეს 22 წლის გახდა, 27 ქულით ტექსასელთა რიგებში კვლავ ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბოლოს დონჩიჩს ისეთ ლეგენდებს ადარებდნენ, როგორებიც ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი არიან, იმ სუპერვარსკვლავებიდან კი, რომლებიც ახლაც თამაშობენ, ერთ-ერთი სწორედ ჯეიმს ჰარდენია, ვისთანაც პარალელებს ავლებენ.

“ჰო, რაღაცებში მართლაც არის მსგავსებები, - განაცხადა მატჩის შემდეგ 2018 წლის MVP-მ, - მისი გათიშვა ძალიან ძნელია და იღებს იმას, რაც უნდა. ასეთი ახალგაზრდა კალათბურთელის შემთხვევაში ეს ძალიან იშვიათია. დონჩიჩი ჯერ პატარაა და როცა ვუყურებ, როგორ აკონტროლებს და კარნახობს თამაშს, ადვილი მისახვედრია, რომ წინ ძალიან, ძალიან მაგარი მომავალი აქვს. მოკლედ, დალასს მისი სახით განსაკუთრებული კაცი ჰყავს.”

თავად ჰარდენმა დალასთან მატჩში 29 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ 4. კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის არყოფნაში 31 წლის ჰარდენის მცდელობები თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.


“როცა ჯეიმს ჰარდენის მსგავსი მოთამაშე შენზე ასეთ რაღაცებს ამბობს, რა უნდა ვთქვა? დაუჯერებელი ამბავია. მადლობელი ვარ ასეთი სიტყვებისთვის. მე მას ვუყურებ - ჰარდენი დაუჯერებელი კალათბურთელია, უბრალოდ განსაკუთრებულია.” - აღნიშნა დონჩიჩმა, რომელსაც საშუალოდ თამაშში 28,5 ქულა, 8,4 მოხსნა და 9 პასი აქვს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბოლო 9 თამაშიდან 7 გამარჯვებით მავერიკსი წარმატებულ გზაზე დაბრუნდა და ახლა თანაბარი ბალანსით (16 მოგება, 16 მარცხი) დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. უშუალოდ ამ 9 თამაშში დონჩიჩს საშუალოდ 31,6 ქულა ჰქონდა (51,6-პროცენტიანი მაჩვენებელი, აქედან 46,1 პროცენტი სამქულიანების).

კომენტარები

ბოლო ამბები