Thumbnail
  • ეს ფეხბურთელები საშუალო გუნდებში ბრწყინავდნენ, გრანდებში კი იკარგებოდნენ
  • ადრიან მუტუ, რობი კინი, რიკარდო კვარეშმა, კლაას-იან ჰუნტელაარი და სხვები

არიან ფეხბურთელები, რომლებიც საშუალო დონის კლუბებში ახერხებენ გაბრწყინებას და გრანდების ყურადღებას სწრაფად იპყრობენ. მაგრამ ტოპკლუბში გადასვლის შემდეგ, ვეღარ ამართლებენ მოლოდინს და ისევ ბრუნდებიან საშუალო დონის კლუბებში, სადაც ძველებურად იწყებენ შთამბეჭდავად გამოსვლას. 

ერთი სიტყვით, არის კატეგორია მოთამაშეების, რომლებიც ტოპგუნდებს ვერაფრით ეწყობიან, საშუალო დონის გუნდებში კი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. ქვემოთ სწორედ ამ ტიპის სახასიათო მოთამაშეებს გავიხსენებთ.

ლუკა დინი

ვერ შეეწყო: პსჟ-ს, ბარსელონას.
ბრწყინავდა: ლილში, ევერტონში. 

ფრანგმა მარცხენა მცველმა კარიერა ლილში დამაჯერებლად დაიწყო, 19 წლისას კი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში ჰქონდა. 2013 წლის ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა მასში 15 მილიონი ევრო გადაიხადა და წესით, ლუკას პარიზელთა შემადგენლობაში მაქსველი უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საბოლოოდ კი ფეხბურთელი რომაში იჯარით გაუშვეს. ლუკა დინი იტალიურ კლუბში ისევ ათამაშდა - 42 მატჩში 3-3 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და დაამტკიცა, რომ ის ისევ პერსპექტიულ ფეხბურთელად რჩებოდა. 

რომა მისი ტრანსფერი გამოსყიდვას აპირებდა, როდესაც საქმეში ბარსელონა ჩაერია და საბოლოოდ, 2016 წელს, ლუკა კატალონიურ გრანდში აღმოჩნდა. მაგრამ ფრანგმა ვერც ბარსაში შეძლო დამკვიდრება და 2018 წელს, ის სიხარულით გაუშვეს ევერტონში 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 

საშუალო ინგლისურ კლუბში ლუკა ისევ ათამაშდა და ისე მოხდა, რომ პირველსავე სეზონში ის ევერტონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს და დღემდე ამ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 27 წლის ფეხბურთელს კარლო ანჩელოტი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოიხსენიებს და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევენ. 

მარკო დი ვაიო (კარიერა დაასრულა)

ვერ შეეწყო: იუვენტუსს, მონაკოს, ვალენსიას.
ბრწყინავდა: სალერნიტანაში, პარმაში, ბოლონიაში

ლაციოს აღზრდილმა თავდამსხმელმა მშობლიური კლუბის მთავარ გუნდში თავი რომ ვერაფრით დაიმკვიდრა, ნაკლებად ამბიციურ იტალიურ კლუბებში სცადა ბედი. მალევე ის სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სალერნიტანას ელიტაში აღზევებაში დაეხმარა. შემდეგ უკვე მარკო პარმაში აღმოჩნდა და იმდენი ქნა, იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღებაც მიპყრო. 

2002 წელს დი ვაიო ტურინის იუვენტუსმა წაიყვანა, თუმცა ორი სეზონი დავიდ ტრეზეგესა და ალექს დელ პიეროს ჩრდილში გაატარა. მარკოს კარიერაში შემდეგ იყო ვალენსია და მონაკო, მაგრამ ვარსკვლავი ვერც იქ გახდა და უცებ, სერია B-ს ჯენოაში დაბრუნდა, სადაც ისევ ძველებურად ათამაშდა. მარკომ გენუის გუნდი ელიტაში დააბრუნა, შემდეგ კი უკვე ბოლონიაში გადაბარგდა, რომლის მაისურით იტალიის 2008/09 წლების ჩემპიონატში 24 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩა.  

დენი ინგსი

ვერ შეეწყო: ლივერპულს.
ბრწყინავდა: ბარნლიში, საუთჰემპტონში.

თავდამსხმელი ლივერპულში ბარნლიში გატარებული მაგარი სეზონის შემდეგ მივიდა. 22 წლის დენიმ პრემიერლიგაში 11 გოლი აუტსაიდერის მაისურით გაიტანა და მერსისაიდელებიც მისგან ბევრს ელოდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა, მათ შორის ტრავმების გამო, ეს მოლოდინი არ გამართლდა. სამი წლის განმავლობაში ფორვარდმა ლივერპულის მაისურით მხოლოდ 3 გოლი შეაგდო, რის შემდეგაც ის საუთჰემპტონში გადაბარგდა. 

და აი, ამ კლუბში დენი ინგსმა იპოვა საკუთარი თამაში - გასულ სეზონში 22 გატანილი გოლით, პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ჯეიმი ვარდის (23 გოლი) ჩამორჩა. 28 წლის ინგლისელმა უკან ჩამოიტოვა ყოფილი თანაგუნდელები: მოჰამედ სალაჰი (19), სადიო მანე (18), ფირმინო (9)...

ადრიან მუტუ (კარიერა დაასრულა)

ვერ შეეწყო: ინტერს, ჩელსის, იუვენტუსს.
ბრწყინავდა: პარმაში, ფიორენტინაში.

რუმინელი 21 წლის იყო, როდესაც სამშობლოში ჩატარებული სუპერსეზონის შემდეგ, იმხანად ძალიან ძლიერ მილანის ინტერში აღმოჩნდა, მაგრამ იქ საერთოდ ვერაფერი აჩვენა  - 10 მატჩი ჩემპიონატში. ადრიანმა დიდ კლუბში მეორედ შანსი ვერონსა და პარმაში თამაშის შემდეგ მიიღო. 2003 წელს ის ჩელსიმ იყიდა, სადაც იმით გამოირჩა, რომ ერთ დღეს სისხლში კოკაინის კვალი აღმოუჩინეს და დისკვალიფიკაციითა და ჯარიმით დასაჯეს. 

რუმინელის კარიერაში კიდევ ერთი დიდი კლუბი ტურინის იუვენტუსი იყო, რომელმაც გარისკა და ფეხბურთელს ხანგრძლივი კონტრაქტიც გაუფორმა, მაგრამ საბოლოოდ იმედი გაუცრუვდა. 2006-11 წლები მუტუმ ფიორენტინაში გაატარა და ეს პერიოდი რუმინელის კარიერაში საუკეთესო იყო - 143 მატჩი, 69 გოლი, 26 საგოლე პასი.

ჟო

ვერ შეეწყო: მანჩესტერ სიტის, ევერტონს.
ბრწყინავდა: ცსკა-ში, ატლეტიკო მინეიროში, ნაგოია გრამპუსში 

ბრაზილიელი თავდამსხმელის პირველი ევროპული კლუბი მოსკოვის ცსკა იყო და 18 წლისა უმალ იქცა რუსეთის ჩემპიონატის აღმოჩენად. ფეხბურთელის პროგრესი, რომელიც უეფას ოფიციალურმა ჟურნალმა Champions-ს ევროპის ხუთ ახალგაზრდა ვარსკვლავს შორის მოიხსენია, იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, 2008 წელს კი მანჩესტერ სიტიმ შეიძინა იმ იმედით, რომ პრემიერლიგაშიც გაიბრწყინებდა. მაგრამ ინგლისში ჟომ ვერაფერი აჩვენა - სულ 1 გოლი ნახევარ წელში. ბრაზილიელი ჯერ ევერტონში გაანათხოვრეს, შემდეგ კი - გალათასარაიში.

ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ცუდ ტრანსფერში დასახელებისა და ალკოჰოლის მოხმარებასა და დისციპლინასთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ, ჟო სამშობლოში დაბრუნდა. იქ კი მოულოდნელად, ფორვარდი ატლეტიკო მინეოროს ვარსკვლავად მოგვევლინა - გუნდს ისტორიაში პირველად ლიბერტადორესის თასიც კი მოაგებინა. 2007-ში ის ბრაზილიის ნაკრებში მიიწვიეს, რომელთან ერთადაც კონფედერაციის თასი მოიგო და საშინაო მუნდიალზეც ითამაშა. 2017 წელს კორინთიანსთან ერთად მან ბრაზილიური სერია A მოიგო და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, 2018-ში კი უკვე ნაგოია გრამპუსის მაისურით გაიტანა ყველაზე მეტი გოლი იაპონურ J ლიგაში... ალხა ბრაზილიელი 33 წლისაა და ისევ თამაშობს - კორინთიანსში.  

რობი კინი (კარიერა დაასრულა)

ვერ შეეწყო: ინტერს, ლივერპულს.
ბრწყინავდა: ტოტენჰემში, ლოს ანჯელეს გელექსიში.

ირლანიელი თავდამსხმელი, რომელიც თავისი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მოედანზე ყოველთვის ყოველთვის ზემოტივირებული გადიოდა, თითქოს მზად უნდა ყოფილიყო ტოპკლუბში თამაშისთვის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პერსპექტიული ირლანდიელი 20 წლის მილანის ინტერში აღმოჩნდა, მაგრამ სერია A-ში ერთი გოლითაც ვერ გამოირჩა და ის ლიდსში ჯერ იჯარით გაუშვეს, შემდეგ კი გაყიდეს.

რობი კინი ლიდსიდან ტოტენჰემში აღმოჩნდა, სადაც პრემიერლიგის ლეგენდად და ვარსკვლავად იქცა, სადაც 2008 წელს თავის პირველი სერიოზული ტიტულიც მოიგო - ინგლისის ლიგის თასი. და მაშინ მისთვის კარი ლივერპულში გაიხსნა - რობის ბავშვობის ოცნების კლუბში, სადაც მას 7-ნომრიანი მაისური მისცეს. ლივერპულმა, რომელმაც ირლანდიელში 24 მილიონი ევრო გადაიხადა, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი ნახევარი წლის შემდეგ, გაცილებით ნაკლებ ფასად, ყოფილ კლუბში დააბრუნა… 

რობი კინი ბრწყინვალე იყო ლოს ანჯელეს გელექსიშიც, რომლის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და სამჯერ MLS-ის ჩემპიონიც გახდა.

რიკარდო კვარეშმა

ვერ შეეწყო: ბარსელონას, ინტერს, ჩელსის.
ბრწყინავდა: პორტუში, ბეშიქთაშში.

პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელიც ლისაბონის სპორტინგში კონკურენციას კრიშტიანო რონალდოს უწევდა, 20 წლის ასაკში ბარსელონამ შეიძინა. ერთი წლის შემდეგ რიკარდომ გამოაცხადა, რომ არ ითამაშებდა გუნდში, სანამ მისი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი იქნებოდა… ბარსამ ფეხბურთელი პორტუში გაყიდა, სადაც ის იმდენად კარგი იყო, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს. 

2008 წელს რიკარდო ინტერმა 5 წლით გაიფორმა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ვერაფრით შეეწყო და "ოქროს ურნის" მფლობელი გახდა, რომელსაც სერია A-ს ყველაზე ცუდ ფეხბურთელს ანიჭებენ ხოლმე. კვარეშმა მალევე იჯარით ჩელსიში გაუშვეს, მაგრამ არც ინგლისში გამოვიდა რამე - კვარეშმას ციფრები ტოპკლუბებში უბრალოდ ღიმილს იწვევს - 2 გოლი 106 მატჩში და 5 საგოლე პასი 157 შეხვედრაში.

ფეხბურთელმა, სულ ცოტა, ხუთი წარმატებული სეზონი თურქეთში გაატარა, სადაც ბეშიქთაშში ბრწყინავდა და პარალელურად, ძალიან სასარგებლო იყო პორტუგალიის ნაკრებისთვისაც. 37 წლის რიკარდო აქამდე თამაშობს - მშობლიურ ვიტორია გიმარაეშში.  

ლუის ალბერტო

ვერ შეეწყო: ბარსელონას, ლივერპულს.
ბრწყინავს: ლაციოში.

ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო პლეიმეიკერს ტრანსფერმარკტი დღეს 50 მილიონ ევროდ აფასებს. სევილიას აღზრდილმა პერსპექტიულმა ნახევარმცველმა 20 წლის ასაკში თავი ბარსელონაში იჯარით ამოყო, მაგრამ გრანდის მეორე გუნდში თავი ვერაფრით გამოიჩინა და კატალონიელებმა მისი გამოსყიდვა გადაიფიქრეს. 

მეორე დიდი კლუბი, რომლისგანაც ფეხბურთელმა შანსი მიიღო, ლივერპული იყო, რომელმაც 8 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ლუის ალბერტომ ვერც იქ შეძლო დამკვიდრება და იჯარით ჯერ მალაგაში, შემდეგ დეპორტივოში ითამაშა. 

2016 წელს ესპანელი ლაციომ შეისყიდა და არც უნანია. ფეხბურთელი იტალიაში ნელ-ნელა იქცა ლოკალურ სუპერვარსკვლავად და მასზე საუბრობდნენ, როგორც მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელზე. სიმონე ინძაგი მიხვდა, რომ ესპანელი იყო ის, ვის გარშემოც უნდა აეწყო გუნდის შეტევა. 28 წლის ლუის ალბერტო ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ასისტენტებში სახელდება და ვინ იცის, მის კარიერაში იქნებ მესამედაც გამოჩნდეს ტოპკლუბი...

დიეგო ფორლანი (კარიერა დაასრულა)

ვერ შეეწყო: მანჩესტერ იუნაიტედს, მილანის ინტერს.
ბრწყინავდა: ვილიარეალში, ატლეტიკოში.

ურუგვაელი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ნამდვილად იყო, მაგრამ ტოპკლუბებში ვერაფრით დამკვიდრდა. ჯერ იყო მანჩესტერ იუნაიტედი, სადაც დიეგო არგენტინის ჩემპიონატიდან გადაბარგდა. ფორლანი ბევრს ცდილობდა, იბრძოდა თითეული ბურთისთვის, იქმნიდა მომენტებს, იღებდა დროს, მაგრამ ფერგიუსონის გუნდში ვერაფრით გამოირჩა. 

ურუგვაელი ორი წლის შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა, სადაც 2004-11 წლებში, ვილიარეალისა და მადრიდის ატლეტიკოს მაისურებით ითამაშა. ფორლანდი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი. 

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი მილანის ინტერში აღმოჩნდა, მაგრამ იქ ყველაფერი კიდევ უფრო უფერული გამოვიდა, ვიდრე - მანჩესტერ იუნაიტედში იყო. იყო ტრავმებიც, მაგრამ ფაქტია - ფორლანმა “ნერაძურიში” სერია A-ს 18 მატჩში სულ 2 გოლი გაიტანა. შედეგად, კონტრაქტი ვადამდე გაწყდა.

კლაას-იან ჰუნტელაარი 

ვერ შეეწყო: რეალს, მილანს.
ბრწყინავდა: ჰერენვენში, აიაქსში, შალკეში.

ნიდერლანდელი თავდამსხმელი ახალგაზრდობაში უბრალოდ აზანზარებდა მშობლიურ პირველობას, სადაც ლამის ყოველ მატჩში იტანდა და შედეგად, 2008 წლის ზამთარში მადრიდის რეალმა ამსტერდამის აიქსის ბომბარდირში 20 მილიონი ევრო თამამად გადაიხადა.

მაგრამ ჰუნტელაარმა ნახევარი წლის განმავლობაში ვერაფრით მოახერხა "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და როდესაც ის არც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს, განაწყენებულმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. უკვე ზაფხულში ის მილანში გაიყიდა, მაგრამ კლაას-იანმა ვერ შეძლო გუნდის მაშინდელი ძირითადი ცენტრფორვარდისთვის, მარკო ბარიელოსთვის კონკურენციის გაწევა და კარიერის გადასარჩენად უკვე გერმანიაში, შალკეში გადაბარგდა.

გელზენკირხენში ჰუნტეელარმა ძველი ბრწყინვალება დაიბრუნა - 2011 წელს გუნდს გერმანიის თასი და სუპერთასი მოაგებინა, 2012 წელს კი ბუნდესლიგისა და ევროპალიგის საუკეთესო ბომბარიდირიც გახდა. შალკე ნიდერლანდელის დახმარებით რეგულარულად ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას და სხვათა შორის, 2015 წელს, ⅛-ფინალურ მატჩში რეალს "ბერნაბეუზე" სწორედ მისი დუბლით მოუგო - 4:3. 

შალკეს ლეგენდამ 2017-21 წლები აიაქსში გაატარა და აი, სულ ახლახან, 37 წლის ფეხბურთელმა გელზენკირხენში დაბრუნდება სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა, რათა ბუნდესლიგის აუტსაიდერს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაში როგორმე დაეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები