Thumbnail

კუმანს ისევ სისხლი წამოუვიდა და პრესკონფერენცია ვერ გააგრძელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რონალდ კუმანის პრესკონფერენცია ნაადრევად შეწყდა
  • ბარსელონამ განმარტა, რომ ნიდერლანდელი კარგადაა
  • კუმანმა სევილიასთან მატჩებზე და მესიზე ისაუბრა

ბოლო კვირებში უკვე მეორედ: ბარსელონას მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს სევილიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნიდერლანდელმა პრესკონფერენციის გაგრძელება ვერ შეძლო. ბარსელონას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუმანი ახლა თავს კარგად გრძნობს - ცხვირიდან სისხლდენა კი იმ მედიკამენტების დამსახურებაა, რომლებსაც ბარსას მწვრთნელი გულის პრობლემების გამო იღებს.

ბარსელონა სევილიას შაბათსაც ხვდება და ოთხშაბათსაც - ჯერ ლა ლიგის კალენდარულ მატჩში, მერე კი ესპანეთის თასის საპასუხო შეხვედრაში (პირველი მატჩი სევილიამ 2:0 მოიგო). მიუხედავად პრესკონფერენციის ნადრევად შეწყვეტისა, კუმანმა რამდენიმე საკითხზე საუბარი მოასწრო.

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი)

...სევილიასთან მატჩებზე: “ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში გველოდება. ორივე მატჩის მოგებას უნდა ვეცადოთ. თასზე 0:2 გვაქვს შემოსატრიალებელი, ლა ლიგაში კი ჩვენი მიზანი წარმატებული სერიის გაგრძელება და იმ გუნდების წნეხის ქვეშ მოქცევაა, რომლებიც ცხრილში ჩვენზე წინ არიან (რეალი და ატლეტიკო). სევილიელები უფრო დასვენებულები არიან, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები.”

...ვის მისცემს ხმას ბარსელონას პრეზიდენტის არჩევნებში 7 მარტს: “არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩავერიო. ყველა კანდიდატს საკუთარი მოსაზრებები და გეგმა აქვს. მე მოვიცდი და არჩევნების შედეგს დაველოდები. ვნახოთ, ვინ გახდება პრეზიდენტი - მას სხვები აირჩევენ.”

...ბარსას მწვრთნელის წნეხზე: “ვიცი, რას ნიშნავს ბარსელონას მწვრთნელობა - ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ხარ და ვალდებული ხარ, ყველა თამაში მოიგო. როცა ვერ იგებ, ან სულაც აგებ, ყოველთვის მწვრთნელია დამნაშავე, მაგრამ ეს მესმის და ამას ვიღებ. საკმაოდ დიდი ხანია, ამ საქმეს ვაკეთებ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. მთავარია, რომ ყოველთვის მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ. არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება მარცხის შემთხვევაში.”

...ბარსას პრობლემებზე: “გამოცდილი ფეხბურთელები ცდილობენ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებენ - თანაგუნდელების დახმარება სჭირდებათ. ლეო მესის დანარჩენებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. პასუხისმგებლობა მთელ გუნდზე უნდა გადანაწილდეს.”

კომენტარები

ბოლო ამბები