Thumbnail
  • ‘ბილდის’ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი ერლინ ჰაალანდის შეძენას დათანხმდა
  • დორტმუნდში იმედი აქვთ, რომ ნორვეგიელი ჩელსიში გადასვლას არ მოისურვებს

ერლინგ ჰაალანდის გადაბირებაზე ახლა ყველა გრანდი ოცნებობს და ეს ლოგიკურია. საქმე ისაა, რომ დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის ნორვეგიელი გოლეადორი ძალიან ძვირია და კორონაკრიზისში ბევრი ფულის გადახდა მხოლოდ რამდენიმე ტოპ-კლუბს შეუძლია. გერმანული ‘ბილდის’ ინფორმაციით, ჰაალანდისთვის ბრძოლაში ახლა ფავორიტი ლონდონის ჩელსია, რადგან კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი ზაფხულში ამ ტრანსფერის განხორციელებას დათანხმდა.

ამ ინფორმაციას ‘ბილდი’ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აბრამოვიჩმა კლუბის დირექტორებს ჰაალანდში 100 მილიონი ევროს გადახდაზე მწვანე შუქი აუნთო.

რამდენიმე დღის წინ ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ იმავე ‘ბილდს’ განუცხადა, რომ ახლა მაქსიმუმ 10 კლუბს შეუძლია ჰაალანდის შეძენა. მას ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა უპასუხა, რომელმაც თქვა: “დორტმუნდი ჰაალანდს ისეთ რაღაცებს სთავაზობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს - ერლინგი ჩვენგან ნებისმიერ გრანდში ნამდვილად არ წავა. 10 კლუბი ჩემი აზრით ზედმეტად ბევრია. ბედნიერები ვართ, რომ ჰაალანდი გვყავს და მომავალსაც მასთან ერთად ვგეგმავთ.”

ცნობილია, რომ ნორვეგიელის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას ზაფხულში კლუბის დატოვება შეუძლია - ჰაალანდის ფასი ამ დროისთვის 110 მილიონი ევროა. დორტმუნდელებს იმედი აქვთ, რომ ჩელსი არ არის ის კლუბი, სადაც ჰაალანდი გადასვლას მოისურვებს. ლოგიკურად, მას ბორუსიას შემდეგ მხოლოდ ისეთ ტოპ-გრანდში უნდა სურდეს წასვლა, როგორებიცაა რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი ან იუვენტუსი.

ფაქტია: BVB ბუნდესლიგაში 22 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა და თუ საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდება, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰაალანდს ბორუსიადან წასვლა მოუნდება. ფაქტია ისიც, რომ ჩელსის კორონაკრიზისშიც კი შეუძლია მასში 100 მილიონის, ან უფრო მეტის გადახდა...

კომენტარები

ბოლო ამბები