Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში? ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა ნიუ იორკში ჩატარდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა ამას სერიოზულად განიხილავს, თუმცა საუბარია მხოლოდ 2024 წლიდან პერიოდზე, რადგან მანამდე ყველა ფინალის მასპინძელი უკვე გარკვეულია.

აღსანიშნავია, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმას სწორედ 2024 წლიდან გეგმავს. საუბარია გუნდების რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდასა და ე.წ შვეიცარიული სისტემის შემოღებაზე, რაც ჯგუფური ეტაპის გაუქმებას გამოიწვევს. ფორმატის ცვლილებასთან ერთად, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ნიუ იორკი გახდეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება - ლიგის ფინალი აქამდე ევროპის კონტინენტს მიღმა არ გამართულა.

2024 წლამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი (თურქეთი), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), მიუნხენი (გერმანია) და ლონდონი (ინგლისი) უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ფინალის აშშ-ში ჩატარებაზე საუბარი ადრეც მიდიოდა, კერძოდ 2019 წელს, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება ძალაში არ მიუღიათ. ვარაუდობენ, რომ ნიუ იორკში ფინალური მატჩის დაწყების დრო ადგილობრივი დროით 15:00 საათი იქნება (ევროპული დროით 21:00 საათი), რაც უეფას სტანდარტებს ჩვეულებრივად დააკმაყოფილებს.

კომენტარები

ბოლო ამბები