Thumbnail

ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩები შეაჯამა და უკვე ტრადიციულად თითოეულ ნაკრებს კუთვნილი რანგი მიანიჭა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ვირტუალურ რეიტინგში უკუსვლა შეეხო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, რომელმაც თბილისური “ბაბლის” ეგიდით ორივე მატჩი წააგო. აღნიშნულ საიტზე ქართველი კალათბურთელების თამაში ასეა შეფასებული:

“საქართველოსთვის საუკეთესო ფანჯარა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ისინი თებერვლის მატჩებს 4:0-ზე ბალანსით შეხვდნენ, ფინალური ეტაპის საგზური ისედაც გარანტირებული ჰქონდათ და პატივისცემა ნამდვილად არ მოჰკლებიათ. როგორც არ უნდა იყოს, გასულ თამაშებში იყო -26 და -8, შესაბამისად, სერბეთთანა და ფინეთთან, რის გამოც მათ C რანგზე მეტს ვერ მივანიჭებთ. ბოდიში”.

საინტერესოა, რომ გასული მატჩების შედეგებით, საქართველოს ნაკრებზე უარესი შეფასება მხოლოდ რუმინეთმა, ავსტრიამ (ორივე - C-), გერმანიამა (D) და ლატვიამ (F) მიიღეს. ცნობისთვის, ამ გუნდებიდან ევრობასკეტზე მხოლოდ გერმანია ითამაშებს და ისიც იმიტომ, რომ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია, ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ევროპის პირველობის მიღმა ლატვიელთა დარჩენა იყო. ევრობასკეტის საიტისგან უმაღლესი შეფასება (A+) თურქეთს, სერბეთს, დიდი ბრიტანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ერგოთ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ევრობასკეტზე შემდეგი ნაკრებები ითამაშებენ: საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისრაელი, ესპანეთი, სლოვენია, უკრაინა, რუსეთი, სერბეთი, ფინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა.

აღნიშნული 24 გუნდი ტრადიციულად ოთხ ექვს გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საუკეთესო 4-4 ნაკრები კი მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვებს. მომავალი ტურნირის წილისყრა გაისად 30 მარტს ჩატარდება, უშუალოდ ევროპის პირველობა კი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს გარდა, თამაშები ჩეხეთში (პრაღა), იტალიასა (მილანი) და გერმანიაში (კიოლნი და ბერლინი) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები