Thumbnail

'ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია' - ვეტერანი მორაგბეები არჩევნებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ქვორუმი ამჯერადაც არ შედგა და სოსო ტყემალაძე, რომელიც არჩევნებზე გამოცხადდა, პრეზიდენტად ვერ აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ ტყემალაძის ოპონენტი ირაკლი აბუსერიძეა, რომელმაც ბოლოს გამართულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ვეტერანმა მორაგბეებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი აცხადებენ, რომ რაგბის კავშირში შექმნილ მდგომარეობას ძალიან განიცდიან და სოსო ტყემალაძეს უჭერენ მხარს, რომლის პროგრამაც მათთვის მისაღებია. განცხადებას, რომელსაც ასზე მეტი ვეტერანი მორაგბე უერთდება, პოპსპორტი უცვლელად გთავაზობთ.

ვეტერანი მორაგბეების განცხადება

"საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს.

სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეს.

ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, რომ ქართული რაგბის  წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივარის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ჩვენ - ყველა თაობის მორაგბე - ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ  იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ  ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს - ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს პალიტრანიუსზე და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი:

- ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“ და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას - დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ;

- არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ,  შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას.

ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი - საერთაშორისო სარაგბო  თანამეგობრობა.

კომენტარები

ბოლო ამბები