Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, დიდი ალბათობით, ევროპა 1-ის რანგში ითამაშებს
  • ამ შემთხვევაში, ბორჯღალოსნები სასტარტო მატჩს ავსტრალიასთან გამართავენ

საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კალენდარი შედგა და ის სავარაუდო განრიგიც შევიტყვეთ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ექნება.

უდიდესი ალბათობით, ქართველი მორაგბეები 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას მოახერხებენ და მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის რანგში წავლენ, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თამაში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთანა და რეპეშაჟის გამარჯვებულთან (აფრიკა 2, ამერიკა 3, ევროპა 3 ან აზია/წყნარი ოკეანეთი 2) მოუწევთ. საინტერესო დამთხვევაა, რომ საქართველოს ნაკრებს პირველ სამ მეტოქესთან გაჯიბრება გასულ მსოფლიო თასზეც მოუწია და სამივესთან წააგო.

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე ევროპა 2-ის რანგში გავლენ აღნიშნული შეჯიბრის ვიცე-ჩემპიონობის შემთხვევაში, ხოლო თუკი მე-3 ადგილი ერგოთ, რეპეშაჟის მოგებას ეცდებიან. ვინაიდან ბოლო 2 ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია, ჩვენ იმ სქემას განვიხილავთ, თუკი საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის რანგში წარსდგება.

ამ შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები ტურნირში 9 სექტემბერს პარიზში ავსტრალიასთან მატჩით ჩაებმებიან, 23 სექტემბერს ტულუზში რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდებიან, 30-ში, ბორდოში – ფიჯის, ხოლო 7 ოქტომბერს, ნანტში – უელსს. ჩვენთვის საინტერესო C ჯგუფის სრული კალენდარი ასე გამოიყურება.

9 სექტემბერი: ავსტრალია – ევროპა 1
10 სექტემბერი: უელსი – ფიჯი
16 სექტემბერი: უელსი – რეპეშაჟის გამარჯვებული
17 სექტემბერი: ავსტრალია – ფიჯი
23 სექტემბერი: ევროპა 1 – რეპეშაჟის გამარჯვებული
24 სექტემბერი: უელსი – ავსტრალია
30 სექტემბერი: ფიჯი – ევროპა 1
1 ოქტომბერი: ავსტრალია – რეპეშაჟის გამარჯვებული
7 ოქტომბერი: უელსი – ევროპა 1
8 ოქტომბერი: ფიჯი – რეპეშაჟის გამარჯვებული

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2003 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები: ავსტრალიაში, საფრანგეთში (2007), ახალ ზელანდიაში (2011), ინგლისსა (2015) და იაპონიაში (2019). “ბორჯღალოსნების” საუკეთესო შედეგი 2015 წლის ტურნირს უკავშირდება, როდესაც გუნდმა ჯგუფში 2 მატჩი მოიგო (ტონგასთანა და ნამიბიასთან), მე-3 ადგილი დაიკავა და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვა.

მომავალი მსოფლიო თასი 2023 წლის 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება. ტურნირს ერთბაშად 9 ქალაქი უმასპინძლებს: პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, სენტ ეტიენი, ნიცა, ნანტი, ტულუზა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მომავალი ტურნირი სუპერ მატჩით გაიხსნება: 8 სექტემბერს პარიზულ Stade de France-ზე ერთმანეთს მასპინძელი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ ჯგუფების სრულ შემადგენლობასაც.

I ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1;
II ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/წყნარი ოკეანეთი, ევროპა 2;
III ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული;
IV ჯგუფი: ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1, ამერიკა 2;

კომენტარები

ბოლო ამბები