Thumbnail

იტალიური ატალანტას პრეზიდენტი ანტონიო პერკასი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალთან პირველ მატჩს (0:1) გამოეხმაურა და აღნიშნული თამაშის მსაჯი მკაცრად გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ გასული შეხვედრის მე-17 წუთზე გერმანელმა არბიტრმა ტობიას შტილერმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა რემო ფროილერს, რომელიც ფერლან მენდის ეუხეშა. საინტერესოა, რომ მსაჯმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეპიზოდი ვიდეო გამეორებაზე არ უნახავს. აი, რა განაცხადა პერკასიმ:

“ეს ნამდვილი შოკი იყო. ამ წითელი ბარათისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავიდან ისიც კი ვიფიქრე, რომ მსაჯს ბარათები აერია. ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის სტარტიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა, მხოლოდ 15 წუთი იყო გასული, ამდენად, დაბნეული და შეწუხებული ვიყავი. არბიტრის მაგივრადაც კი თავი უხერხულად ვიგრძენი, წარმოუდგენელი უსამართლობა იყო, რომელიც იტალიური ფეხბურთისთვის მიუღებელია.

მოგვიანებით მსაჯმა ნაჩოსა და მოდრიჩის ფოლები გაატარა, ლუკას ვასკესს ხელით თამაშისთვის ყვითელი ბარათი არ უჩვენა, კაზემიროს კი სიმულაციისთვის მე-2 გაფრთხილება ეკუთვნოდა. არბიტრი ამას აპირებდა კიდეც, თუმცა, გაახსენდა, რომ მას ყვითელი უკვე ჰქონდა და ბარათი უბრალოდ ჯიბეში დააბრუნა. დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაციაში რომელიმე ჩვენებური რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად გააძევებდა.

საერთოდაც, ყველა სასტვენი ჩვენს წინააღმდეგი იყო. შეცდომების ასეთი რაოდენობა დაუშვებელია. რა უნდა ვთქვა? მსაჯი ან უბრალოდ არაადეკვატური იყო და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად არ გახლდათ ანაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. შეგრძნება დამეუფლა, რომ ის უბრალოდ მეტოქეს ეხმარებოდა. მადრიდში ურთულეს მატჩს ველი და მხოლოდ გამარჯვების იმედი მაქვს. უბრალოდ, ეს სამართლიანი თამაში უნდა იყოს ყველა გაგებით”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე სწორედ ხსენებულმა მენდიმ გაიტანა და მადრიდულ გრანდი მეოთხედფინალს ძალიან მიუახლოვა. რეალისა და ატალანტას განმეორებითი თამაში 16 მარტს ჩატარდება.

📺 ატალანტა V რეალი

კომენტარები

ბოლო ამბები