Thumbnail

შაბათს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება, რომლის ერთ-ერთი ფავორიტი დინამო ბათუმია. აჭარულმა კლუბმა მოსამზადებელი პერიოდი თბილისში დაიწყო, სადაც სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა (გაგრასთან 2:2, ლოკომოტივთან 2:1 და თელავთან 1:1). შემდეგ გუნდი თურქეთში გაემგზავრა და სატესტო მატჩები ლვოვთან (1:1), ბორაცთან (2:0), ტულის არსენალთან (0:0), როტორთან (1:3), და ორდაბასთან (2:4) გამართა. პრესეზონის დროს ერთ-ერთი გამორჩეული იყო გუნდის ახალწვეული გიორგი ფანცულაია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრებში 4 გოლის გატანა მოახერხა. პოპსპორტი ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის წინ აჭარული კლუბის ახალწვეულს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

POPSPORT: როგორ ჩაიარა და რამდენად კმაყოფილი ხართ მოსამზადებელი პერიოდით?

გიორგი ფანცულაია: კარგი, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ვემზადებით მომავალი შეხვედრებისთვის და კმაყოფილები ვართ. მიმაჩნია, რომ ყველა ფეხბურთელმა ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს დრო.

POPSPORT: ტესტმატჩები შენთვის ძალიან წარმატებული იყო. როგორ შეაფასებ შენს თამაშს წინასასეზონო შეხვედრებში?

ფანცულაია: აშკარად კარგ კონდიციებში ვარ. ჩემპიონატი იწყება და ოფიციალურ მატჩებში ყველაფერი უკეთ გამოჩნდება. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტიც შემიძლია. იმედი მაქვს, ოფიციალურ მატჩებშიც დავამტკიცებ, რომ კარგ ფორმაში ვარ.

POPSPORT: როგორ მიდის გუნდთან ადაპტაციის პერიოდი? რამდენად შეეწყვე კლუბს?

ფანცულაია: გუნდთან ადაპტაცია არ გამიჭირდა, რაც ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოჩნდა - დინამო ბათუმს ბოლომდე შევეწყვე. გუნდის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით ისე პიროვნულად. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

📺 გიორგი ფანცულაიას ყველა გოლი წინასასეზონო შეხვედრებში 

POPSPORT: ტორპედოში თამაშის დროს გორის დილასთან შეხვედრაში, რომელიც 5:4 დასრულდა დუბლი შეასრულე და ალბათ ეს მატჩი შენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. კიდევ რომელ შეხვედრას გამოარჩევდი?  

ფანცულაია: ბევრი თამაში მქონია ასეთი და კონკრეტულის დასახელება გამიჭირდება, თუმცა მინდა გავიხსენო ეროვნულ ლიგაში წინა წელს ჩატარებული შეხვედრა სამტრედიას წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გამიტანია, კარგად ვითამაშე, საგოლე გადაცემა გავაკეთე და თერთმეტმეტრიანი მოვიპოვე. (აღნიშნული შეხვედრა 2020 წლის 13 სექტემბერს, ჩატარდა და ტორპედომ სამტრედიას 2:1 მოუგო). 

POPSPORT: შენი პოზიციიდან გამომდინარე, ვინ არის შენთვის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი? 

ფანცულაია: კრიშტიანო რონალდო. მართალა, პორტუგალიელი თავიდან უფრო ფლანგიდან თამაშობდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, სუფთა ცენტრფორვარდის პოზიციაზეა და ჩემთვის საუკეთესოც ამ პოზიციაზე ისაა. თუ კონკრეტულ პოზიციაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, მაშინ ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.       

POPSPORT: ახალ სეზონს რა მოლოდინითა და განწყობით ხვდები?

ფანცულაია: გუნდში საჩემპიონო განწყობაა და პირადად მეც ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

გიორგი ფანცულაია თელავის წინააღმდეგ

 POPSPORT: დინამო ბათუმის შემადგენლობაში პირველივე ოფიციალური შეხვედრის გამართვა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ქუთაისის ტორპედოსთან გიწევს...   

ფანცულაია: ქუთაისის ტორპედოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც პროფესიონალი მოთამაშე ხარ და მოედანზე გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ. სწორედ ამიტომ, კონკრეტულად ტორპედოსთან მატჩი პირადად ჩემთვის დიდად განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს.

POPSPORT: ანუ, გოლი რომ გაუტანოთ, აღნიშნავთ?

ფანცულაია: არა, არა. თუ ტორპედოს გავუტან, გოლს, რა თქმა უნდა, არ ვიზეიმებ. 

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს შაბათს, 27 თებერვალს, 20:00 საათზე, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები