Thumbnail

სრული დატვირთვით - გენტი გიორგი ჩაკვეტაძის ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ნაკრებისა და გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ახლახან ბელგიური კლუბის ტვიტერმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს.

გენტი ბელგიის ჟუპილერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც 28 თებერვალს, შინ ბრიუგეს წინააღმდეგ გამართავს. ჩაკვეტაძის გუნდს 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიცია უკავია, ბრიუგე კი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. თუკი ვიდეოს მიხედვით ვიმსჯელებთ, ქართველი შემტევი ნახევარმცველი მწყობრშია და შესაძლოა მომავალი მატჩის განაცხადშიც ვიხილოთ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე გასული წლის 4 ოქტომბერს, ბეერსჰოტთან შეხვედრაში გავიდა და მას შემდეგ ტრავმის გამო ოფიციალურ მატჩში აღარ უთამაშია. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გიორგიმ გენტის სარეზერვო გუნდის სპარინგში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აჩენს იმედს, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტში დაგეგმილ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში დაეხმარება.  25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება, 28-ში კი ესპანეთს მიიღებს. 

გიორგიმ საქართველოს ნაკრების მაისურით 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას მეოთხე სეზონია იცავს და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გიორგიმ მიმდინარე სეზონში გენტის მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები