Thumbnail

გიორგი წიტაიშვილი ქართულ პასპორტს ელოდება - ვორსკლა ადასტურებს

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერდა: “უკრაინული ფეხბურთის ქომაგებისთვის არცთუ კარგი ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და მომავალში ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით ითამაშოს.”

ამის შემდეგ, უკრაინული მედია წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას გამოეხმაურა - ექსპერტები 20 წლის ფეხბურთელს ურჩევდნენ, უარი ეთქვა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე.

ამ თემას უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანიც გამოეხმაურა. “უკრაინის სახელით თამაშს მათ ვერ დავაძალებთ, ეს პირადი არჩევანია. გუნდში უნდა იყვნენ პატრიოტები, რომლებსაც სურთ, რომ თამაშობდნენ და წარმოადგენდნენ უკრაინას,” - აღნიშნა მან.

პოპსპორტი გიორგისთან დაკავშირებას მისი ახლანდელი კლუბის, „ვორსკლას“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის, არტიომ ლობანოვის მეშვეობით შეეცადა, რომელიც ფეხბურთელთან ინტერვიუს შეთანხმებაზე დაგვთანხმდა. ჩვენ მას წიტაიშვილთან სასაუბრო თემები გავაცანით, რის შემდეგაც, ასეთი პასუხი მივიღეთ:

„გიო გვთხოვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოვიცადოთ. შეგატყობინებთ, როგორც კი საბუთების საკითხი მოგვარდება. მადლობა, რომ გესმით ჩვენი,” - ლობანოვმა იქვე დაამატა, რომ მისი აზრით, საბუთებში საქართველოს მოქალაქეობა იგულისხმება.

ეს ფაქტობრივად იმის დადასტურებაა, რომ წიტაიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი დაწყებულია.

გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები - ეროვნულის გარდა

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში კიევის დინამოს მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 4-ჯერ ითამაშა, ვორსკლაში კი თებერვლის დასაწყისში გაანათხოვრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები