Thumbnail

კაირი ირვინგი NBA-ს ლოგოზე კობი ბრაიანტს ითხოვს და მას ბევრი ეთანხმება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ამაზე საუბრები ადრეც იყო. უფრო ზუსტად, ერთი წლის წინ, როცა კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. ახლა კი, კაირი ირვინგმა NBA-ს ლოგოზე კობის გამოსახვის დებატები განაახლა!

ბრუკლინის სუპერვარსკვლავმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ლეგენდარული კობი NBA-ს ემბლემის ნაწილია. შარშან ამას ბევრი მოთამაშე და ქომაგი ითხოვდა. შესაბამის პეტიციას უკვე 3,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

“ეს უნდა მოხდეს! არ მაინტერესებს, რას ამბობენ სხვები. ლიგა შავმა მეფეებმა ააშენეს” - დაწერა კაირიმ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

NBA-ს ამჟამინდელ ემბლემაზე ჯერი უესტის სილუეტია გამოსახული, თუმცა ლიგას არასდროს დაუდასტურებია, რომ ეს სწორედ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული მცველის სილუეტია, რომელიც კლუბის ღირსებას 1960-74 წლებში იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ირვინგი თავისი კარიერის დასაწყისში ბევრ რჩევას იღებდა კობისგან - ისინი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. პოსტის კომენტარებში კაირის ბევრი დაეთანხმა, თუმცა ასევე არცთუ ცოტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ NBA-ს ლოგოზე მაიკლ ჯორდანი უნდა იყოს. საინტერესოა, რომ თავად ჯერი უესტმა წლების წინ NBA-ს სთხოვა, ემბლემა შეეცვალათ და მასზე ჯორდანი ყოფილიყო, მაგრამ ლიგა მაშინაც და ახლაც ლოგოს შეცვლის იდეას არ დაეთანხმა.

კომენტარები

ბოლო ამბები