Thumbnail

გოლდენ სტეიტ უორიორსმა აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდებთან 4-მატჩიანი გასვლითი სერია ცუდად დაიწყო და საბოლოოდ თანაბარი ბალანსით (2:2) დაასრულა. ორლანდოსთან და შარლოტთან მარცხების შემდეგ, სტეფ კარიმ და კომპანიამ ჯერ ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხეს, ახლა კი გოგა ბითაძის პეისერსსაც მოუგეს (111:107).

თუმცა უორიორსს ინდიანაპოლისში საკმაოდ გაუჭირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სტეფ კარის სამქულიანები არ წაუვიდა (1/11) და ფრუსტრირებული ჩანდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ორგზის MVP 24 ქულით მაინც მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახლდათ (ბროგდონთან ერთად).

მატჩი დაძაბული იყო - ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა ორნიშნა უპირატესობით დაწინაურებას. მესამე პერიოდის ბოლოს სტუმრებმა 7:0 გაქცევა შეძლეს, მაგრამ ინდიანა გოლდენ სტეიტს დიდხანს უძალიანდებოდა. საფინალო სირენამდე 2:30 წუთით ადრე ჩაგდებულმა ზედიზედ ექვსმა ქულამ უორიორსს მატჩის ყველაზე დიდი, 7-ქულიანი უპირატესობა მოუტანა, თუმცა მალკოლმ ბროგდონმა ბაზერამდე 12 წამით ადრე ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა ლეიაპით (105:107). თუმცა კარიმ და დრეიმონდ გრინმა საჯარიმოების სროლისას შეცდომები არ დაუშვეს. გრინმა 12 ქულით, 9 მოხსნით, 11 პასითა და 3 ჩაჭრით ორმაგი დუბლი შეასრულა. ენდრიუ უიგინსმა 15 ქულით წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტმა 26 სამქულიანიდან მხოლოდ 5 ჩააგდო (19 პროცენტი). თუმცა ამ მხრივ არც ინდიანა იყო ბევრად უკეთესი - 7/29, 24 პროცენტი.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 2:42 წუთი გაატარა და ამ დროში ვერაფერი მოასწრო. ქართველმა ცენტრმა ერთხელ სცადა ორქულიანის ჩაგდება - უშედეგოდ. ბროგდონს 24 ქულა ჰქონდა, დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა (22 ქულა, 7/12, 16 მოხსნა). პეისერსისთვის პრობლემა გახლდათ 19 დაკარგვა, რამაც გოლდენ სტეიტს 22 ქულა მოუტანა. მაილს ტერნერმა 14 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები