Thumbnail

გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ხმებს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი გამოეხმაურა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის დინამოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის გარემარბს, რომელიც იჯარით პოლტავის ვორსკლაში გამოდის, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და მისი სახელით თამაში სურს. თავად ფეხბურთელმა ეს ცნობა არც დაადასტურა და არც უარყო.

გიორგიმ უკრაინის ნაკრებში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო

რუსლან როტანს კომენტარის გაკეთება გიორგი წიტაიშვილისა და ერიკ შურანოვის შესახებ სთხოვეს, რომლისგანაც ასევე მოელიან სპორტული მოქალაქეობის შეცვლას.

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ  წიტაიშვილმაც და შურანოვმაც ჩვენს ნაკრებში ითამაშონ. წიტაიშვილი 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. რა თქმა უნდა, მათზე იმედებს ვამყარებთ. რაკი ნაკრებში იწვევდნენ, ე.ი. ისინი უკრაინასაც სჭირდება. ჩვენი მხრიდან მათ ვაცნობეთ, რომ თავიანთი საფეხბურთო თვისებებისა და პერსპექტიულობის გათვალისწინებით, უკრაინის ნაკრებს შეეფერებიან. მათში მომავალს ვხედავთ. 

რაც შეეხება მოქალაქეობის შესაძლო შეცვლის შესახებ ხმებს, ეს უკვე მათი და მათი ოჯახების პირადი საკითხია. უკრაინის სახელით თამაშს მათ ვერ დავაძალებთ, ეს მათი პირადი არჩევანია. გუნდში უნდა იყვნენ პატრიოტები, რომლებსაც სურთ, რომ თამაშობდნენ და წარმოადგენდნენ უკრაინას", - ამბობს როტანი უკრაინულ მედიასთან

წიტაიშვილი იჯარით პოლტავის ვორსკლაში გამოდის

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები