Thumbnail
  • ჯამალ მუსიალას უნდა აერჩია, რომელ ნაკრებში ითამაშებდა
  • გადაწყვეტილების მიღებაში მას იოახიმ ლიოვიც დაეხმარა
  • 17 წლის ფეხბურთელი ბაიერნთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, მიუნხენის ბაიერნის ტალანტმა ჯამალ მუსიალამ გადაწყვიტა, რომ ინგლისს უარი უთხრას და გერმანიის ნაკრებში ითამაშოს! ამის შესახებ მან TheAthletic-ს განუცხადა.

“მე მაქვს გული გერმანიისთვის და გული ინგლისისთვის. ორივე გული ძგერას განაგრძობს. დიდხანს ვიფიქრე და გადაწყვეტილება გერმანიის სასარგებლოდ მივიღე. ვფიქრობდი, რა ჯობია ჩემი მომავლისთვის, სად მექნება თამაშის მეტი შანსი. საბოლოო ჯამში, გრძნობებს მივენდე, რაც გერმანიის ნაკრებისკენ მიბიძგებდა. ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება.” - აღნიშნა 17 წლის მუსიალამ.

ახალგაზრდა ფეხბურთელს არჩევანის გაკეთებაში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დაეხმარა. დიდი ალბათობით, ბუნდესმწვრთნელი მას მარტის მატჩებისთვის გამოიძახებს.

ბაიერნის ფეხბურთელმა სამშაბათს ისტორია დაწერა. მუსიალამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში რომის ლაციოს გოლი გაუტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბაიერნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გატანა შეძლო. აქამდე, მიუნხენური გრანდის ფეხბურთელებიდან ეს რეკორდი სამი კუფურს ეკუთვნოდა.

მუსიალა მიუნხენის ბაიერნთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

ამავდროულად, 17 წლის და 363 დღის მუსიალა პირველი ფეხბურთელია ინგლისიდან და გერმანიიდან, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე გაიტანა. გარდა ამისა, მუსიალა მეორე ადგილზე ყველაზე ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლის გატანა მოახერხეს. მასზე ახალგაზრდა მხოლოდ ბოიან კრკიჩი იყო, რომელმაც 2008 წლის 1 აპრილს შალკეს 17 წლის და 216 დღის ასაკში გაუტანა. მუსიალა პარასკევს 18 წლის ხდება.

აღსანიშნავია, რომ ჯამალ მუსიალა ბაიერნთან ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს აფორმებს. “ჯამალი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ახალ კონტრაქტს მიიღებს და არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაც არაა.” - ეს რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები