Thumbnail

‘უხაროდა, რომ ცოცხალი იყო’ - ტაიგერ ვუდსი უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაკარგა მან მანქანაზე კონტროლი
  • გოლფის ლეგენდას სატელევიზიო გადაღებებზე მიეჩქარებოდა
  • ავარიის ადგილზე სიჩქარეს ბევრი აჭარბებს

სპორტის სამყარო ტაიგერ ვუდსის გამო ნერვიულობს.

გოლფის 45 წლის მეგა-ვარსკვლავი ლოს ანჯელესში, ადგილობრივი დროით სამშაბათ დილას მძიმე ავტოავარიაში მოყვა. მისი ავტომობილი უკიდურესად დაზიანებულია - მაშველებმა ვუდსი სალონიდან მხოლოდ მანქანის საქარე მინის გატეხვის შემდეგ გადმოიყვანეს.

მაშველების წარმომადგენელმა თქვა, რომ ვუდსი სტაბილურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. ლეგენდარული სპორტსმენი მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდა.

ეს გახლავთ 2021 წლის Genesis GV80. ავტომობილი ჰიუნდაის ლუქს-ბრენდის, Genesis-ის პირველი SUV-ია

პოლიციელი კარლოს გონსალესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა. “ვკითხე, ვინ ხარ და რა გქვია-მეთქი. ტაიგერი ვარო - მიპასუხა. გონება დაკარგული არ ჰქონდა, მაგრამ ფეხზე ვერ დგებოდა.” - განაცხადა გონსალესმა და დასძინა: “უბრალოდ უხაროდა, რომ გადარჩა და ცოცხალი იყო. გასაგებად ამბობდა ყველაფერს და საკმაოდ მშვიდად იყო, თუმცა მძიმე ავარიების დროს ეს უცნაური არ არის. ასეთ სიმშვიდესაც შოკი იწვევს.”

ვუდსის აგენტმა მარკ შტაინბერგმა Golf Digest-ს დაუდასტურა, რომ ტაიგერს ბევრი დაზიანება აქვს - განსაკუთრებით ფეხებში. ამის შესახებ ისაუბრა ვუდსის ექიმმა ანიშ მაჰაჯანმაც.

პოლიციელი კარლოს გონსალესი (შუაში) ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა

ავტოსაგზაო შემთხვევა Hawthorne Boulevard-ზე, რანჩო პალოს ვერდესში მოხდა - ლოს ანჯელესიდან დაახლოებით 40 კილომეტრში. ავარიაში სხვა ავტომობილები არ მონაწილეობდნენ. ვუდსი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაკარგა მან მანქანაზე კონტროლი. პოლიცია მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ ტაიგერი ძალიან სწრაფად მოძრაობდა.

როგორც გაირკვა, ავტომობილი მასზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ შემხვედრ ზოლში გადავარდა. ასფალტზე მუხრუჭის კვალი არ არის. ვუდსის მანქანა ბორდიურსა და ხეს შეეჯახა. ვუდსის SUV-კლასის ავტომობილი ავარიის ადგილიდან 150 მეტრში, რამდენჯერმე გადატრიალების შემდეგ გაჩერდა. პოლიციის თქმით, ტაიგერის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების ღვედს.

“პირველადი დათვალიერების შემდეგ აშკარად ჩანს, რომ ტაიგერ ვუდსს სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა და ავტომობილის კონსტრუქციამ შეუნარჩუნა,” - განაცხადა გონსალესმა.

ავარია დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა

აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე დასაშვები სისწრაფე საათში 45 მილია (დაახლოებით 72 კმ/სთ), მაგრამ ეს ისეთი ადგილია, რომ იქ ხშირად გაცილებით სწრაფად დადიან.

შერიფი ალექს ვილანუევა: “ამ ადგილზე ავარიები ძალიან ხშირად ხდება. მინდა ვთქვა, რომ ამინდს შემთხვევაზე გავლენა არ მოუხდენია.” პოლიციაში იმასაც ადასტურებენ, რომ ტაიგერ ვუდსი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

რაც შეეხება ტაიგერ ვუდსის მანქანას: ეს გახლავთ 2021 წლის Genesis GV80. ავტომობილი ჰიუნდაის ლუქს-ბრენდის, Genesis-ის პირველი SUV-ია, რომელიც ვუდსმა კალიფორნიაში დაგეგმილი ტურნირის ორგანიზატორებისგან მიიღო.

ვუდსმა მანქანა კალიფორნიაში დაგეგმილი ტურნირის ორგანიზატორებისგან მიიღო

TMZ-ის ინფორმაციით, ტაიგერმა სამშაბათს დილით სასტუმრო დატოვა და ეტყობოდა, რომ ძალიან ჩქარობდა. როგორც ირკვევა, მას სატელევიზიო გადაღებებზე მიეჩქარებოდა, სადაც 7:30-ზე უნდა ყოფილიყო. ავარია დაახლოებით 7 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე 7:28-ზე მივიდნენ. 7:40-ზე სასწრაფო დახმარების მანქანა კლინიკისკენ დაიძრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 13 კილომეტრში მდებარეობს.

როგორ არის ტაიგერი?

“მინდა გითხრათ, დიდი იღბალია ის, რომ მისტერ ვუდსი ამ ავარიას ცოცხალი გადაურჩა,” - ესეც გონსალესის სიტყვებია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება გოლფის ლეგენდა სპორტს და დაუბრუნდება თუ არა საერთოდ. არც ისაა ცნობილი, რამდენ ხანს დატოვებენ კლინიკაში. 

ვუდსის ავტო-შემთხვევები

► 2009 წლის ნოემბერი: ვუდსი მანქანით თავისი სახლის წინ (ფლორიდა) ხეს და სახანძრო ჰიდრანტს შეეჯახა. სწორედ იმ დროს მას პირადი ცხოვრებაც არეული ჰქონდა და მნიშვნელოვანი სპონსორები დაკარგა. მაშინ ტაიგერმა 45 დღე კლინიკაში გაატარა და გოლფს 2010 წლის მასტერსზე დაუბრუნდა.

► 2017 წლის მაისი: ტაიგერ ვუდსი ფლორიდაში დააკავეს მას შემდეგ, რაც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. პოლიციამ ვუდსი დილით ადრე იპოვა - მანქანაში ეძინა, ავტომობილის ძრავა კი მუშაობდა.

► 2021 წლის 23 თებერვალი - ამბავი, რომელზეც სტატიაში წაიკითხეთ. შერიფის თქმით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზის დადგენას რამდენიმე დღე ან, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ტაიგერ ვუდსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული გოლფერია. სპორტის ამ სახეობას მასზე უფრო ცნობადი სახე არ ჰყავს. იგი 683 დღის განმავლობაში მსოფლიოს რეიტინგში პირველი იყო, 15 Major-ტიტული აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები