- იტალიის ნაკრებისა და რომას ნახევარმცველმა მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა
- ფეხბურთელი, რომელმაც შარშან მყესები ორჯერ გაიწყვიტა, მარტში უნდა დაბრუნდეს
იტალიის ნაკრებისა და რომას ნახევარმცველმა ნიკოლა ძანიოლომ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა და ბურთთან მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შარშან ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა.
"გადატვირთვა. როგორ მომენატრა", - დაწერა 21 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში, ხოლო რომაულმა კლუბმა ოფიციალურ ტვიტერზე ნიკოლოს ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა.
ნიკოლო ძანიოლოსთვის 2020 წელი ძალიან ნავსიანი აღმოჩნდა. ჯერ იყო და წლის დასაწყსიში, რომა-იუვენტუსის სერია A-ს მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთს ზაფხულამდე ჩამოშორდა, შემოდგომით კი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა, ნიდერლანდებთან ერთა ლიგის შეხვედრაში ანალოგიური ტრავმა უკვე მარცხენა ფეხზე მიიღო.
ექიმების პროგნოზით, ნიკოლო მოედანზე დაბრუნებას მარტში შეძლებს.
ნიკოლო ძანიოლო რომაში 2018 წელს, მილანის ინტერიდან გადავიდა და დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ ნიკოლოს ძალიან სურს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რომლის მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარები