Thumbnail

ჰარდენიც იქნება და პოლიც - ALL STAR-ზე სათადარიგოთა ვინაობა გაირკვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ის 14 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც ლიგის მთავარმა მწვრთნელებმა 2021 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” სათადარიგოების რანგში შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ბრუკლინ ნეტსის მცველი ჯეიმს ჰარდენი “ოლ სტარის” მონაწილეთა შორის ზედიზედ მეცხრედ მოხვდა. მის გარდა აღმოსავლეთ კონფერენციიდან ჯეილენ ბრაუნი, ჯეისონ ტეიტუმი (ორივე – ბოსტონი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი), ბენ სიმონსი (ფილადელფია) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდი) შეარჩიეს.

ფინიქს სანსის გამთამაშებელი კრის პოლი “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” 11-გზის მონაწილე გახდება, მასთან ერთად კი დასავლეთ კონფერენციიდან მიწვეულები არიან ენტონი დევისი (ლეიკერსი), პოლ ჯორჯი (კლიპერსი), რუდი გობერი, დონოვან მიტჩელი (ორივე – იუტა), დემიან ლილარდი (პორტლენდი) და ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი).

ვთქვათ ისიც, რომ ბრაუნი, ლავინი, რენდლი და უილიამსონი “ოლ სტარში” მონაწილეობას პირველად მიიღებს, სამაგიეროდ, ამჯერად შოუზე ვერ ვიხილავთ ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის ლიეტუველ თანაგუნდელ დომანტას საბონისს, რომელიც ამისკენ მთელი სეზონი მიისწრაფოდა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს რიგით 71-ე “ყველა ვარსკვლავთა მატჩი” კვირას, 7 მარტს, ატლანტას State Farm Arena-ზე ჩატარდება, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გუნდების დაკომპლექტება კი დრაფტზე მოხდება, რომელიც 4 მარტსაა დაგეგმილი. სასტარტო და სათადარიგო კალათბურთელებიდან არჩევანს გუნდების კაპიტნები კევინ დურანტი (ბრუკლინი) და ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) გააკეთებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები