Thumbnail

უკრაინული მედია გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმით თამაშის პერსპექტივას ეხმაურება და 20 წლის ფეხბურთელს ურჩევს, უარი თქვას ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის დინამოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების გარემარბს, რომელიც იჯარით პოლტავის ვორსკლაში გამოდის, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და მისი სახელით თამაში სურს. თავად ფეხბურთელმა ეს ცნობა არც დაადასტურა და არც უარყო. 

ამ თემასთან დაკავშირებით უკრაინული gazeta.ua წერს:

"წიტაიშვილი კიევის დინამოს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია. 15 წლისამ კიეველთა რიგებში უეფას ახალგაზარდულ ლიგაში ითამაშა. 17 წლისას კი პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. სისწრაფე, ბურთთან მოპყრობა - ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კარგ თანამედროვე ფლანგის ნახევარმცველად ჩამოყალიბდეს. 

20 წლის ასაკში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია დინამოს სასტარტოში თამაში. საჭიროა განვითარება, რათა გუნდში მის პოზიციაზე მოთამაშდე ვიკტორ ციგანკოვის წასვლის შემდეგ, გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავოს. ვორსკლაში იჯარა გიორგის სასიკეთოდაა. მან უკვე პირველსავე მატჩში შეძლო გოლის გატანა. 

გიორგიმ უკრაინის ნაკრებში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა

უკრაინის პასპორტზე უარის თქმა წიტაიშვილზე ნეგატიურად აისახება. უკრაინაში ის ლეგიონერი გახდება. მას აღარ იქნება არავითარი პრეფერენცია და უკვე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს უკრაინის პასპორტის მქონე ფეხბურთელებზე. რაც მთავარია, ფეხბურთელი დაკარგავს უკრაინის ნაკრებში მოხვედრის შანსს. 

ჩვენი ეროვნული გუნდი, განსხვავებით საქართველოსგან, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშობს. ქართველებს კი ,დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ამ დონის ტურნირებზე არასდროს უთამაშიათ. იქაური ადგილობრივი ფეხბურთიც დაბალ დონეზეა, არ ჰყავთ ხარისხიანი ფეხბურთელები. მათი ვარსკვლავები გიორგი ჩაკვეტაძე (რომელსაც გენტის შემადგენლობაში ადგილი მყარად არ აქვს) და ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი) არიან. საეჭვოა, მომავალში ქართველებს კონტინენტურ ტურნირზე მოხვედრის სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ. 

წარმატებული ნაკრების გარეშე, წიტაიშვილს გაუჭირდება ევროპულ კლუბში გადასვლა. მით უმეტეს, რომ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე იქ უკვე "მყარად" დგანან თურქეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერები - საბა ლობჯანიძე და ლევან შენგელია. წიტაიშვილს შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება. 

წიტაიშვილს მაისურზე უკრაინის დროშა ახატია, მკლავზე - ქართული ბორჯღალი

შახტარის ერთ-ერთი ტალანტი ბექა ვაჩიბერაძე იყო. მან უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, შემდეგ კი გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. რაღაცის უშრომელად მიღწევის სურვილმა ერთ დროს ნიჭიერ მოთამაშეს კარიერა სრულებით დააკარგვინა. ბექა ჯერ მეორეხარისხოვან კლუბში გამოდიოდა, ახლა კი საერთოდ უგუნდოდაა.

უკრაინის ნაკრებში კი ფლანგის მოთამაშის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. გიორგის შანსი ამ გუნდში მაღალია და საჭიროა მხოლოდ თავის გამოჩენა. 

წიტაიშვილმა კბილი კბილს უნდა დააჭიროს და კარიერაზე იმუშაოს. დაბალი დონის ნაკრების არჩევა მას კარგს არაფერს მოუტანს. პირიქით, დიდ პროგრესს უნდა მიაღწიოს, რათა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს. ეს უნდა იყოს ფეხბურთელისთვი გამოწვევა და არა სენტიმენტები თავისი მშობლების სამშობლოს სახელით თამაშზე".  

წიტაიშვილი პოლტავის ვორსკლაში იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მან მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები