Thumbnail
  • დალას მავერიკსი 110:107 ბოსტონ სელტიკსი
  • ბოსტონმა დალასს ამოუქაჩა, მაგრამ დონჩიჩმა მავერიკსს მაინც მოაგებინა
  • მწვრთნელმა ლუკა მაიკლ ჯორდანს და კობი ბრაიანტს შეადარა

Halleluka!!! დონჩიჩმა დალასს კიდევ ერთხელ მოაგებინა ბოლო წამზე და თანაც, სამქულიანით, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ სიგიჟე!

სწორედ ამ სამქულიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და დალასს ბოსტონთან 110:107 მოაგებინა. საქმე ისიცაა, რომ დალასი ახლოს იყო სელტიკსთან უპირატესობის განიავებასთან. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ტექსასელები 11 ქულით იგებდნენ, მაგრამ ვითარება იმაზე სწრაფად შეიცვალა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა. მერე კი, იმ დროს, როცა დალასი 104:105-ს აგებდა, დონჩიჩის პიკის დრო დადგა.

ჯერ იყო და, ლუკამ ბაზერამდე 15 წამით ადრე რთული სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ბოსტონელებმა რამდენიმე წამში ჯეილენ ბრაუნის ორქულიანით უპასუხეს, რამაც ანგარიში გაათანაბრა (107:107). მაგრამ ეს ლუკას დღე იყო! სლოვენიელმა ბურთი აიღო, დრიბლინგით წავიდა და საფინალო სირენამდე 0,7 წამით ადრე ძალიან მაგარი სამქულიანი ჩააგდო - ამ დროს სელტიკსის ორი კალათბურთელი უტევდა!

“ის უბრალოდ გადასარევად განსაკუთრებული მოთამაშე და პიროვნებაა. მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, ლარი ბერდი, კობი ბრაიანტი - ასეთ სიტუაციებში სწორედ ასე თამაშობდნენ. რთული ასახსნელია, როგორ ფუნქციონირებს ასეთ მომენტებში ასეთი მოთამაშეების ტვინი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დალასის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

დონჩიჩმა ჯამში 31 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი დააგროვა - ანუ, ორი ასისტი დააკლდა კიდევ ერთ სამმაგ დუბლამდე. ბოსტონიდან ისევ ჯეილენ ბრაუნი (29 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმი (28) გამოირჩნენ. თუმცა მათ სელტიკსი ბოლო 10 თამაშში მე-7 მარცხისგან ვერ იხსნეს. დალასისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება გახლდათ. დონჩიჩის გუნდმა ბოლო 9 შეხვედრაში მე-7 გამარჯვება იზეიმა და თანაბარი ბალანსი აქვს - 15 მოგება, 15 წაგება. მავერიკსი დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, სეკტიკსი კი - აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზეა.

მატჩის საუკეთესო მომენტებს და ლუკას სამქულიან ბაზერბითერს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები