Thumbnail

ბაიერნმა ყველაფერი დაასრულა - გერმანელებმა ლაციოს შანსი არ მისცეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაციო 1:4 ბაიერნი
  • მოქმედი ჩემპიონი პრაქტიკულად 1/4 ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიუხენის ბაიერნმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მერვედფინალის პირველივე შეხვედრაში გაინაღდა. რასაკვირველია, წინ საპასუხო მატჩია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ნამდვილად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სასწაული არ მოხდება.

ჰანსი ფლიკის გუნდმა რომში, ლაციო ძალიან დაჩაგრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტიტულის შენარჩუნების ძალზე დიდი შანსი აქვს. ძნელია იმის ვარაუდი ვინ და რა გააჩერებეს გერმანულ მანქანას, რომელიც მეორე სეზონია გზად ყველაფერს თელავს. სიმონე ინძაგის ლაციოც ერთ-ერთი მსხვერპლი გამოდგა და კლასში სხვაობა კატასტროფულად დიდი იყო.

მატჩის ბედი 24 წუთში გადაწყდა. მატეო მუსაკიომ მე-9 წუთზე რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დატოვა და საჩუქარი პოლონელმა ფორვარდმა ცხადია, შეირგო. რობერტისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გოლი იყო და რაულს საბოლოოდ გადაასწრო, მასზე წინ მხოლიოდ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. 15 წუთში კი ჯამალ მუსიალამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა და ნათელი გახდა, რომ ლაციოს არანაირი შანსი არ ექნებოდა. მუსიალა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა (17 წლის და 363 დღის).

რომაელები ძალზე დაბნებული და შეშინებულები მოქმედებდნენ და ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, რომელიც გოლით ლეროი სანემ დაასრულა. მე-2 ტაიმის დასაწყისში გუნდებმა გოლები გაცვალეს - ფრანჩესკო აჩერბიმ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო ორ წუთში პრესტიჟის გოლი ხოაკინ კორეამ გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა. უბრალოდ გუნდებმა დრო ფორმალურად გაიყვანეს - ბაიერნი გაჩერდა, ლაციოს კი მეტი აღარ შეეძლო.

მიუნხენურმა გიგანტმა ბუნდესლიგაში არმინიასთან და აინტრახტთან წარუმატებელი მატჩები დაივიწყა და დაუბრუნდა იმ დონეს, რასაც ბოლო პერიოდში აჩვენებდა. საპასუხო თამაში 17 მარტს მიუნხენში გაიმართება, მაგრამ ეს უკვე ფორმალობაა და ბაიერნს თამამად შეუძლია მომდევნო ეტაპზე გააკეთოს სრული კონცენტრაცია.

ლაციო 1:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 0:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47, საკ-კარში), 1:4 კორეა (49)

ლაციო (3-5-2): რეინა - პატრიკი (53. ჰუდტი), აჩერბი, მუსაკიო (31. ლულიჩი) - ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (81.კატალდი), ლუკას ლეივა (53. ესკალანტე), ლუის ალბერტო (81. აკპა-აკპრო), მარუშიჩი - კორეა, იმობილე

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა (63. ხავი მარტინესი) - სანე (90. სარი), მუსიალა (90. ჩუპო-მოტინგი), კომანი (75. ერნანდესი) - ლევანდოვსკი

კომენტარები

ბოლო ამბები