Thumbnail

'საბედნიეროდ, მე არ ვითამაშებ' - ზიდანისთვის ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სტადიაზე მადრიდის რეალი ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. საინტერესო უნდა იყოს ფრანგი სპეციალისტის ჯან პიერო გასპერინისთან დუელიც - ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ. ზიდანი იუვენტუსში თამაშობდა, იმ პერიოდში კი ტურინელთა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გასპერინი იყო.

იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაშინ ვარჯიშის შემდეგ ზიდანის ვარჯიშზე მიდიოდა და მის თამაშს უყურებდა. გასპერინიმ ისიც აღნიშნა, საბედნიეროდ, ხვალ ზიდანი არ ითამაშებს და გაგვიმართლაო. ამასთან დაკავშირებით, ზიდანს პასუხის გაცემა მოუწია:

"ატალანტა განსაკუთრებული გუნდია და ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. გასპერინი ძალიან კარგად მახსოვს. როდესაც მე იუვეში ვთამაშობდი, ის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო. მაშინაც კარგად მუშაობდა და მისი წარმატება არ მაკვირვებს. მან ატალანტაში დიდი სამუშაო შეასრულა და მომწონს როგორც მწვრთნელი. იუვეს პერიოდში ის ჩემს ვარჯიშებს უყურებდა? კიდევ კარგი, რომ ხვალ მე არ ვთამაშობ, თორემ გაშიფრული ვეყოლებოდი (იღიმის)", - იხუმრა ბოლოს "ზიზუმ".

მადრიდის რეალი ბერგამოში სერიოზული საკადრო პრობლემებითაა ჩასული და ტრავმების გამო 9 ფეხბურთელი აკლია, მათ შორის, სერხიო რამოსი, კარიმ ბენზემა და ედენ აზარი. თუმცა, ზიდანი დანაკლისზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებს:

"ვიცი, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და ისიც ვიცით ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ მოედანზე ის ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომლებიც ახლა ჩემს განკარგულებაში არიან. რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაშები ყოველთვის შესანიშნავია და ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ", - აღნიშნა მან.

ზიდანს პრობლმების გამო იტალიაში აკადემიიდან 6 ფეხბურთელის წაყვანა მოუწია

ზიდანმა კომენტარი უფრო დეტალურად ხვალინდელ თამაშზე და ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა. ფრანგი სპეციალისტისთვის ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება და ყველა თამაში ფინალის ტოლფასია!

"გამოცდილება გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ ფინალში გავალთ, ამისთვის ყველაფერი გვაქვს. რეალში ასეა: მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. კარგად ვიცით, რომ წინ საპასუხო მატჩიცაა, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი ფინალია, ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება. ადვილი არ იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც შესანიშნავად თამაშობს და უტევს, ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ძლიერია. თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის ვაჩვენოთ, რომ ძლიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გვიწევს", - დასძინა მადრიდელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი და ბერგამოს ატალანტა ისტორიაში არასდროს შეხვედრიან. ამგვარად, ხვალ მათი ურთიერთდაპირისპირება პირველად შედგება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები