Thumbnail

'ვნახოთ, როგორ ითამაშებს ტოპლიგაში' - ხვიჩა რუსეთში მთავარი ტალანტია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

რუსეთის პრემიერლიგა ამ უქმეებზე ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდება. რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ კი ამ ჩემპიონატის მთავარ ტალანტად რუბინის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა 22 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის გამოარჩიეს და ხუთეულში პირველი პოზიცია "კვარას" თამამად მიაკუთვნეს.

"ეჭვგარეშეა, ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. რუსეთის პრემიერლიგაში ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელსაც აქვს იმ თვისებების ერთობლიობა და ისეთი საფეხბურთო ნიჭი, როგორიც რუბინის მოთამაშეს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას მხოლოდ ახლახან შეუსრულდა 20 წელი და პროფესიონალებში უკვე 70 თამაში აქვს ჩატარებული. საფრანგეთის მთავარმა სპორტულმა გამოცემა "ეკიპმა" კვარაცხელია 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ მსოფლიოს 50 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელთა შორის 34-ე ადგილზე დაასახელა. ამ ბიჭის ნიჭი აბსოლუტურად ყველასთვის შესამჩნევია და თუ განვითარებას არ შეაჩერებს, მაშინ ჩვენ უბრალოდ უნდა ვნახოთ, როგორ ითამაშებს ევროპის ტოპ 5 ლიგებიდან რომელიმეში", - წერია სტატიაში.

ხვიჩას გარდა, ხუთეულში მოხვდნენ: არმინ ბეგოვიჩი (როსტოვი, შვედეთი), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი, რუსეთი), სებასტიან შიმანსკი (დინამო მოსკოვი, პოლონეთი), არსენ ზახარიანი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

კვარაცხელია პრესეზონის შეკრებაზე 6 გოლი გაიტანა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და რუბინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 მატჩში 2 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

რუბინმა ახლახან დაასრულა თურქული შეკრება, სადაც ხვიჩამ 6 გოლი გაიტანა. ბოლო ტესტ-მატჩში ყაზახურ კაირატთან მიკრო ტრავმა მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, საგანგაშო არაფერია და 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურში მოსკოვის სპარტაკთან (28 თებერვალს) თამაშს მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები