Thumbnail

'საქართველო ხელს ვერ შეგვიშლის' - დინამო სოხუმის პრეზიდენტი ConIFA-ს თასზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ივნისში საფრანგეთის კურორტი ნიცა დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ეგიდით ევროპის თასს მასპინძლობს, რაც არაღიარებული ქვეყნების "ევროპის ჩემპიონატად" არის მონათლული. ამ ტურნირზე საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის "ეროვნული ნაკრებები" მიიღებენ მონაწილეობას. აფხაზეთი В ჯგუფშია სამპისთან (სკანდინავია) და სეკეის მხარესთან (რუმინეთი) ერთად. "სამხრეთ ოსეთი" С ჯგუფში არცახთან (აზერბაიჯანი) და კორნუელთან (ინგლისი) ერთად ითამაშებს. 

სოხუმის დინამოს პრეზიდენტმა ასტამურ ადლეიბამ იმ შიშებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხოს და სეპარატისტების გუნდები ტურნირზე არ დაუშვას.

ასტამურ ადლეიბა (დინამო სოხუმის პრეზიდენტი): 2015-ში საქართველოს ზეწოლით უნგრეთმა აფხაზ ფეხბურთელებს ვიზები არ მისცა, თუმცა 2018-ში, როცა ტურნირი ლონდონში იმართებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოთქვა. ბრიტანელებმა კი მათ უპასუხეს, რომ ეს არის კომერციული ტურნირი, რომელსაც ატარებს კომერციული ორგანიზაცია, სახელმწიფოს შეჯიბრთან შეხება არ აქვს და ვერც კომერციულ ტურნირს აკრძალავს. როგორც კი ნიცას ტურნირის შესახებ გამოქვეყნდა, ქართველები კვლავ გააქტიურდნენ, მაგრამ მათ პასუხობენ, რომ ეს ტურნირი არანაირ კავშირში არ არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან. ეს არის უბრალოდ კომერციული ტურნირი".

ასტამურ ადლეიბა მიიჩნევს, რომ ნიცას ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "სამხრეთ ოსეთის ნაკრებია", რომელიც მოქმედი "ევროპის ჩემპიონია": "ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან. ბევრი ფეხბურთელი თამაშობს რუსულ კლუბებში".   

უტევს 'აფხაზეთის ნაკრები'

სხვათა შორის, "აფხაზეთის ნაკრები" "მსოფლიოს ჩემპიონია", 2016 წელს გუნდმა მასპინძლის სტატუსით მოიგო ConIFA-ს მსოფლიოს თასი. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია ჯუმა კვარაცხელია, ნაკრების მწვრთნელი - ბესლან გუბლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები