Thumbnail
  • 📅 24 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ მიონხენგლადბახი V სიტი
  • ინგლისური კლუბი კარგ ფორმაშია და წყვილში ფავორიტია
  • ბორუსიას 'ქალაქელებისთვის' პრობლემების შექმნა შეუძლია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ 

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მიონხენგლადბახის ბორუსია და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან. მატჩი ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება, რადგან როგორც ყველა ინგლისურ გუნდს, მანჩესტერ სიტისაც კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე, სტუმრად შეხვედრის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე უწევს.

ფურცელზეც და ისეც "ქალაქელები" ამ დაპირიპირების უდავო ფავორიტები არიან და ამას მათი ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებს. პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 18 შეხვედრიდან ყველა მოიგო! გლადბახი კი არასტაბილურად გამოიყურება. მარკო როზეს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ისიც გერმანიის თასზე შტუტგარტთან. 

მიუხედავად ცუდი ფორმისა, გლადბახს სიტისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. გერმანელებმა ჯგფურ ეტაპზე 16 გოლი გაიტანეს - უფრო მეტი, ვიდრე მანჩესტერულმა გრანდმა. ამ შედეგით მიონხენგლადბახელები მხოლოდ მიუნხენის ბაიერნს ჩამორჩებიან. ჰანსი ფლიკის "რეკორდმაისტერმა" 18 გოლის გატანა შეძლო.  

გერმანელებს ინგლისელებისგან განსხვავებით (სიტიმ პორტუსთან, ოლიმპიაკოსთან და მარსელთან ითამაშა), ჯგუფურ ეტაპზე მერვედფინალური ეტაპის საგზურისთვის მძიმე ბრძოლა მოუწიათ. ბორუსიასთან ერთად ჯგუფში მადრიდის რეალი, ინტერი და დონეცკის შახტარი იყვნენ. მიუხედავად ამისა, როზეს გაწვრთნილმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა (შახტარს ორი მატჩის ჯამში 10:0 მოუგეს) და 8 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

"თუ არსებობს რაღაც, რაც მანჩესტერ სიტის არ მოსწონს, ეს უბურთოდ თამაშია. ჩვენ გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და კარგად დავიცვათ თავი. მე მყავს გუნდი, რომელსაც ეს შეუძლია. იმედი მაქვს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები დასაძინებლად წავლენ, იფიქრებენ იმაზე თუ, როგორ გრძნობდნენ თავს მადრიდში, როდესაც მერვედფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ," - განაცხადა მარკო როზემ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მარკო როზე თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგაში საქმე თითქმის ბოლომდე აქვს მიყვანილი. ესპანელი სპეციალისტის კლუბი მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს 10 ქულით უსწრებს. ამის გათვალისწინებით, "ქალაქელებს" შეუძლიათ, ჩემპიონთა ლიგას დიდი ყურადღება დაუთმონ. სიტის მიზანი, ისევე, როგორც წინა წლებში, ლიგის მოგებაა და ამ სეზონში ისინი საკუთარი ფორმიდან გამომდინარე მთავარ საკლუბო ტურნირზე ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.

მანჩესტერ სიტი და მიონხენგლადბახის ბორუსია ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ორჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს. პირველად 2015/16 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც სიტიმ მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგო (2:1 და 4:2). მეორედ გუნდები ერთმანეთს ძალიან მალევე, შემდეგ სეზონში შეხვდნენ, სადაც გერმანელებმა ერთი შეხვედრა ფრედ ითამაშეს, ერთი კი წააგეს (0:4 და 1:1).

"მათ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. იან ზომერი განსაკუთრებული მეკარეა. ძალიან დიდ პატივს ვცემ გერმანულ გუნდებს, რადგან ვიცი მათი სიძლიერე", - აღნიშნა გვარდიოლამ ბორუსიასთან მატჩამდე.

არცერთ გუნდს დიდი საკადრო პრობლემები არ აქვს. მანჩესტერ სიტის კევინ დე ბრუინი დაუბრუნდა და იგი სათამაშოდ მზადაა. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა სერხიო აგუეროც, თუმცა დე ბრუინისგან განსხვავებით, რომელმაც არსენალთან 60 წუთი ითამაშა არგენტინელი სამი შეხვედრაა სათადარიგოთა სკამზეა და მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა. სიტის მხოლოდ ნათან აკე ვერ დაეხმარება. რაც შეეხება გლადბახს: ვერ ითამაშებს მამადუ დუკურე. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკუს ტიურამის თამაშიც, რომელსაც მუხლი აწუხებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

⚽ "ქალაქელებმა" ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 5 მატჩი მოიგეს.

⚽ პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 18 დაპირისპირებიდან ყველა მოიგო.

⚽ გლადბახმა ბუნდესლიგაში ბოლო შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ 2 აიღო.

⚽ აღნიშნული გუნდები ლიგაზე აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ, აქედან 3 მატჩი სიტიმ მოიგო, ერთი შეხვდრა კი ფრედ დასრულდა.

⚽ ინგლისურმა კლუბმა ამ 4 შეხვდრაში ბორუსიას 11 გოლი გაუტანა, თავად კი 4 მიიღო.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცერთი შეხვედრა არ წაუგია (5 მოგება, 1 ფრე).

⚽ გვარდიოლას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე, მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

⚽ გერმანულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე 16 გოლი გაიტანა, რაც მიუნხენის ბაიერნის შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგია, თუმცა საკუთარ კარში 9 ბურთი მიიღო. 

სავარაუდო შემადგენლობები 

მიონხენგლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ლაინერი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - კრამერი, ნოიჰაუსი - ჰოფმანი, შტინდლი, ტიურამი - პლეა.
ტრავმა: დუკურე.

სიტი (4-3-3): ედერსონი - ჟოაო კანსელო, დიასი, სტოუნსი, ზინჩენკო, - როდრი, ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი - სტერლინგი, დე ბრუინი, ფოდენი.
ტრავმა: აკე.  

კომენტარები

ბოლო ამბები