Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ჯგუფი ოთხი გამარჯვებით დაასრულა. ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში თამაში განაღდებული ჰქონდათ, თუმცა ამ შედეგით ამ უფლებას ისედაც მოიპოვებდნენ. ბოლო მატჩების შეფასება ნაკრების ყოფილ კაპიტანს და ამჟამად მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, მანუჩარ მარკოიშვილს ვთხოვეთ.

POPSPORT: რით იყო განპირობებული შესარჩევის დასკვნითი მატჩებისთვის ახალი ნატურალიზირებული კალათბურთელის, კონერ ფრენკაპის ჩამოყვანა და რატომ არ გაკეთდა აქცენტი ისევ ტედ მაკფადენზე?

მანუჩარ მარკოიშვილი: მაკფადენი ძალიან მაღალი დონის, კარგი მოთამაშეა. მასთან დაკავშირებით იყო ასეთი მოსაზრება, რომ იგი ყოველთვის მზად იქნება, ჩამოვიდეს ეროვნულ გუნდში და მაღალი დონის თამაში აჩვენოს. ამიტომ, გადაწყდა, რომ საჭიროა ალტერნატივაც - იმისთვის, რომ ყველაფრისგან თავი დავიზღვიოთ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების, ან ევროლიგის მხრიდან არსებული შეზღუდვებისგან, თუ ეს პრობლემები მომავალში მაკფადენთან მიმართებაში იარსებებს. ევრობასკეტისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის არსებობა. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მოთამაშეც ძალიან სწორადაა შერჩეული. სამწუხაროდ, ფრენკამპს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა არ დასცალდა. ჩვენი ახალწვეული ახლა ადაპტაციის პერიოდს გადის, ცდილობს, ალღო აუღოს გუნდის თამაშს, მწვრთნელის მოთხოვნებს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კონერ ფრენკამპი ფინეთთან მატჩში დაშავდა

POPSPORT: ყველაზე მეტად სანერვიულო უკანა ხაზია. ამის გათვალისწინებით, რატომ არ მოხვდა შემადგენლობაში ლუკა ბულაშვილი, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი ბომბარდირია?

მარკოიშვილი: გუნდში მოთამაშეების შერჩევის პროცესი უკვე წლებია გრძელდება.  ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს შანსი არ მიეცა. ბულაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მისი უდიდესი გულშემატკივარი ვარ. მას, ისევე, როგორც სხვა კალათბურთელებს, შანსი მიეცათ. ისევე, როგორც სხვები, ისიც იმყოფებოდა შეკრებებზე და ისინჯებოდა. ამ კონკრეტული მატჩებისთვის კი გუნდში ის მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც კონკრეტული მეტოქეებიდან გამომდინარე შეირჩნენ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა გამოძახებულმა გაამართლა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო. სელექცია გრძელდება, ჯერ არაფერია დასრულებული. ბევრი ახალგაზრდა არის და იქნება ნაკრებში გამოძახებული. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს. კონკრეტულად ბულაშვილთან დაკავშირებით დავამატებ: არ ვამბობ, რომ მისი ყოფნით რაიმე დადებითისკენ შეიცვლებოდა და არც იმას ვამბობ, რომ ასე არ მოხდებოდა. მთავარია, რომ ნაკრებში მას შანსი მიეცა. მთავარია, რომ იგი არის იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თვალთახედვის არეში არიან.

'მარტო მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი არ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რატომ ვითამაშეთ კარგად მხოლოდ მეორე ტაიმი'

POPSPORT: მატჩამდე განაცხადეთ, რომ იცოდით, ფინეთის ნაკრებთან როგორი დაცვა უნდა გვეთამაშა. არადა, პირველ ტაიმში მეტოქემ 49 ქულა ჩაგვიგდო...

მარკოიშვილი: დავალება სწორად იყო მიცემული, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. როდესაც მომზადების მეტი საშუალება იქნება, როდესაც გუნდი სრულფასოვან შეკრებას გაივლის, იმედი მაქვს, მსგავს შეცდომებს ადგილი აღარ ექნება. მოულოდნელი იყო ფრენკაპის ტრავმა. გუნდს გადაწყობა მოუწია, რაც ადვილი პროცესი არაა. ფინეთთან მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ ნაკრებს ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა შეუძლია. კარგი იყო, რომ მეორე ნახევარში მოთამაშეებმა თავიანთი როლი გაითავისეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეცდომების დანახვის საშუალება მოგვეცა. ფაქტია, რომ მეორე ტაიმმა ბევრი დადებითიც გამოავლინა და ამ მომენტებზე კიდევ უფრო მეტად აქცენტირება გვმართებს. მიმაჩნია, რომ მარტო მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი არ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რატომ ვითამაშეთ კარგად მხოლოდ მეორე ტაიმი და არა მატჩის უდიდესი ნაწილი.

გიორგი შერმადინმა ფინეთთან ორმაგი დუბლი (19 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა

POPSPORT: სერბებთანაც და ფინელებთანაც ბოლო წუთებში გუნდს დაღლა დაეტყო. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და თუ ეთანხმებით, რითაა ეს გამოწვეული?

მარკოიშვილი: მე, როგორც მწვრთნელს, ამ შეკითხვაზე პასუხი გუნდის მოთამაშეებისგანაც მაინტერესებს. ეროვნული გუნდი ერთი ოჯახი ვართ. მე პირდაპირი ლაპარაკი მჩვევია და მიყვარს. მიმაჩნია, რომ გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ეს ჩემი მოვალეობაცაა. სერბეთის და ფინეთის ყველაზე სუსტი მოთამაშის გუნდის დონესთან შედარებით, ჩვენი ჩემპიონატის დონე ბევრად უფრო დაბალია. ფინელი და სერბი კალათბურთელები კვირაში 2-3 თამაშს, ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს არიან შეჩვეულნი. ისინი უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ბუნებრივია, რომ სუპერლიგიდან ნაკრებში მოხვედრილი კალათბურთელები, რომლებსაც ასეთი მაღალი დონის მატჩების გამოცდილება არ აქვთ, დაიღალნენ. მაგრამ ამის გამო მოთამაშეებს ვერ დავძრახავ, რადგან ვიცი, მათ ყველაფერი გაიღეს და თავი არ დაუზოგავთ. მინდა მჯეროდეს, რომ კალათბურთელებმა გაითავისეს, თუ რა დონის მატჩებში მოუწიათ თამაში და რამდენად რთული მეტოქეები ჰყავდათ.

'ბევრი ძალიან კარგი კალათბურთელი გვყავს და მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ'

POPSPORT: ფიქრობთ თუ არა, რომ მოთამაშეები ამ მატჩებს ფორმის პიკში შეხვდნენ?

მარკოიშვილი: არა. სამწუხაროდ, ეს მარტო მოთამაშეებზე არაა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა გუნდში თამაშობ, როგორი მწვრთნელი გყავს. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყო. გარწმუნებთ, ბევრი ძალიან კარგი კალათბურთელი გვყავს და მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ. 

POPSPORT: ზუროსმა ახალი კალათბურთელებიდან ყველაზე მეტად კახა ჯინჭარაძე გამოარჩია. თქვენ რას იტყვით ამ მოთამაშის პროგრესზე?

მარკოიშვილი: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯინჭარაძე ფინეთთან საუკეთესო დამცველი იყო. იმით, რასაც ახლა ვამბობ, კახას კი არ ვაქებ, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ. მას შემდეგ, რაც იგი მოედანზე გამოვიდა, გუნდურმა ენერგიამ მოიმატა, თამაშში აგრესიის ელემენტები გაჩნდა. მისმა მოედანზე გამოსვლამ ტემპი და რიტმი შეცვალა. არ მინდა, საქებარმა სიტყვებმა კახას დათვური სამსახური გაუწიოს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა დავალების შესრულებას და ეს ჩინებულად გამოუვიდა. იგი ერთადერთი იყო, ვინც არ დაიღალა. ყველამ მინდა იცოდეს: საქართველოს ნაკრებში ბურთის ჩამგდებები ანუ „სქორერები“ არ გვაკლია, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვყავს ამავე რაოდენობის მცველი. ჩვენ გუნდს ძალიან სჭირდება მოთამაშე, რომელსაც მეტოქის წამყვანი კალათბურთელის შეჩერება შეუძლია. ჩვენი ამოცანა ასეთი კალათბურთელების პოვნაა. შანსს ყველას მივცემთ, ყველას ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას.

2022 წელს ევრობასკეტში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. გუნდები ოთხ ექვსგუნდიან  ჯგუფებად იქნებიან დაყოფილნი. უკვე ყველა მონაწილე გარკვეულია. საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, გერმანიაში, ჩეხეთსა და იტალიაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები