Thumbnail

'შანსი მადრიდშიც უნდა გვქონდეს' - რას აპირებს ატალანტა რეალთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 24 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ ატალანტა V რეალი
  • ატალანტამ შარშან 1/8-ფინალში ესპანურ გუნდს აჯობა, ახლა რეალს ეთამაშება

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ რაუნდში ბერგამოს ატალანტა მადრიდის რეალს უმასპინძლებს. ესპანური გრანდი, რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი იტალიაში სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩავიდა - 9 ფეხბურთელი აკლია. ატალანტას მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი დარწმუნებულია, რომ "სამეფო კლუბს" დანაკლისი არ დაეტყობა.

"რეალი მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მათ უფრო მეტი შემოსავალი და წოდება აქვთ, ატალანტასთვის კი საამაყოა ასეთ კლუბთან შეხვედრა. ჩვენ არ ვართ შეჩვეულები ასეთი ტიპის მატჩებში თამაშს, მაგრამ ბოლო წლებში ყველაზე ცნობილ გუნდებს შევხვდით და დიდი ენთუზიაზმი გვაქვს. გვინდა, მადრიდში საპასუხო შევხედრისთვის ისე ჩავიდეთ, რომ შანსი შენარჩუნებული გვქონდეს. ხვალინდელი თამაში სხვა არაფერია, თუ არა პირველი ტაიმი," - განაცხადა ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ისინი შეჩვეული არიან ამ ტურნირზე თამაშს. რეალის მაისურით ვინც მოედანზე გადის, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია. ჩვენ კი გვინდა, რომ მინდორზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად გავიდეთ. ახლა სეზონის შუა ნაწილია, ჩვენ უკვე მოვახერხეთ იტალიის თასის ფინალში გასვლა და ეს გვაყენებს პოზიციაში, რომ სეზონის ბოლომდე გარანტირებულად გვექნება მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ერთადერთი დასანანი ის არის, რომ სტადიონები ისევ ცარიელია," - დასძინა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგაში ისტორიაში მეორედ თამაშობს და ასევე მეორედ გავიდა მერვედფინალში. შარშან "ლა დეამ" ამ ეტაპზე ვალენსია დაამარცხა (4:2, 4:3), ხოლო ასპარეზობას 1/8 ფინალში პარი სენ-ჟერმენთან დრამატულ ბრძოლაში მარცხით გამოეთიშა (1:2).

კომენტარები

ბოლო ამბები