Thumbnail

'ექიმმა მითხრა, ფეხის ამპუტაცია შეიძლება დაგჭირდესო' - რა გადაიტანა მენდიმ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის მცველმა ბავშვობაში გადატანილი რთული პერიოდი გაიხსენა
  • 25 წლის ფრანგს ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდის ეტლში გატარება მოუხდა
  • მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფერლანი ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებდა 

მადრიდის რეალის მცველმა ფერლან მენდიმ ბავშვობაში გადატანილი რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც ოპერაცია და გარკვეული პერიოდის ეტლში გატარება დასჭირდა, ფეხის ამპუტაციას გადაურჩა.

"ეს ბრწყინვალე ისტორიაა. რთული მომენტი მქონდა, მაგრამ შევძელი მისგან თავის დაღწევა. პსჟ-ში, სადაც 11-წლამდელთა გუნდში მივედი, შვიდი წელი გავატარე, მაგრამ აკადემიაში შესვლამდე ტრავმა მივიღე. 

მქონდა თეძოს ართრიტი და ინფექცია, რის გამოც ოპერაცია დამჭირდა და საავადმყოფოში დიდხანს ვმკურნალობდი. ორი თუ სამი თვე თაბაშირით გავატარე. ოპერაციის შემდეგ მოვიდა ექიმი და მითხრა, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი. ისიც კი მითხრა, რომ შესაძლებელი იყო, ფეხის ამპუტაცია გამხდარიყო საჭირო. გარკვეული დრო ეტლში ვიჯექი, შემდეგ ყავარჯნებით დავდიოდი, საბოლოოდ კი თავიდან მომიხდა სიარულის სწავლა. 

ფრანგს ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებდა

მეგონა, მაშინვე გავივლიდი, მაგრამ წამოვდექი თუ არა ეტლიდან, მაშინვე დავეცი. ფეხებში ძალა არ მქონდა - სიარულს გადაჩვეული იყო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთს კიდევ ვითამაშებდი და ყველას ვპირდებოდი, რომ მოედანს დავუბრუნდებოდი. ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ თავიდან ვისწავლე სიარული და წელიწადნახევარი ტკივილით ვითამაშე. ზედიზედ ორი წელი საუკეთესო მარცხენა მცველად დამასახელეს ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი კარგად აეწყო", - იხსენებს მენდი.

ფერლანს საფრანგეთის ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული

ფერლან მენდი მადრიდის რეალში 2019 წლის ზაფხულში, ლიონიდან 48 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა 20 მატჩში ითამაშა და 1 გოლითაც გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები