Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად არ მოიაზრება
  • ბუნდესგუნდის ლიდერი ტონი კროოსი ამაში პრობლემას ვერ ხედავს
  • მისი აზრით, გერმანელებმა მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლონ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს და ბოლო მატჩების ჩაგდების შემდფეგ, გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებს შორის აღარ მოიაზრება. მიუხედავად ამისა, ბუნდესგუნდის ლიდერის, ტონი კროოსის აზრით გერმანელებს მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეთ.

კროოსი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გერმანიის ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონობის კანდიდატებს შორის თითქმის აღარავინ ასახელებს. “ფავორიტის როლი ასეთი დიდი ტურნირის წინ არცაა საჭირო, - აცხადებს 31 წლის ნახევარმცველი Sky-სთან ინტერვიუში, - გაიხსენეთ, 2018 წლის მუნდიალის წინ ფავორიტებად მიგვიჩნევდნენ და ეს არაფერში გამოგვადგა.”

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფშია მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან ერთად. კროოსი: “ნებისმიერი ტურნირის მოგება მინდა, რომელზეც ვმონაწილეობ. როცა მიზნად მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლა მაქვს დასახული, ზუსტად ვიცი, რომ მეოთხედფინალს ვერც გავცდები.”

კროოსის აზრით, გერმანიის ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ და მხოლოდ თასის აღმართვა და ოქროს მედლები უნდა იყოს: “გასაგებია, რომ პრობლემები გვაქვს და ბოლო დროს სტაბილურად ვეღარ ვთამაშობდით, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე პირველივე წუთიდან ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველობა უნდა იყოს. ეს იქნება პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც, რადგან ჩვენ გერმანიის ნაკრები ვართ.”

კომენტარები

ბოლო ამბები