Thumbnail
  • ბარსელონა ალექსანდერ ისაკის ტრანსფერს მიუბრუნდა
  • შვედის დაბრუნება დორტმუნდის ბორუსიასაც შეუძლია

ბარსელონა ფინანსურ კრიზისშია, ჯერ ახალი პრეზიდენტიც არ ჰყავს და ლიონელ მესის მომავალიც გაურკვეველია, მაგრამ უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი სამომავლო ტრანსფერებთან დაკავშირებით. ESPN-ის ინფორმაციით, ბარსამ ისევ განაახლა რეალ სოსიედადის 21 წლის ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის გადასაბირებელი მცდელობები.

ისაკს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და ის ბარსელონადან მადრიდის ატლეტიკოში გადასული ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელად ჯერ კიდევ წინა ზაფხულში განიხილებოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

ისაკმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა

შვედი თავდამსხმელი რეალ სოსიედადში 2019 წლის ზაფხულში, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა და უკვე მეორე სეზონია, ბასკურ კლუბში თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. ამ სეზონში ისაკმა ლა ლიგის 20 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ცნობილია, რომ ისაკს სოსიედადთან კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას კლუბის დატოვება 70 მილიონ ევროდ შეუძლია. ამავდროულად, მისი დაბრუნება შეუძლია დორტმუნდსა - თანაც, გაცილებით იაფად, სულ რაღაც 30 მილიონ ევროდ. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანულმა კლუბმა ისაკის დაბრუნება მოისურვოს, რადგან BVB-ს ერლინგ ჰაალანდი ჰყავს, ისაკი კი ბორუსიაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ დათანხმდება...

 

კომენტარები

ბოლო ამბები