Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 124:127 (OT) ვაშინგტონ უიზარდსი
  • მოქმედმა ჩემპიონებმა 17-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს
  • უიზარდსის წარმატებული სერია ხუთ მოგებამდე გაგრძელდა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა უკვე ზიდეზედ მესამე თამაში წააგო. კალიფორნიელები, რომლებსაც ენტონი დევისი ვერ ეხმარება, ამჯერად ვაშინგტონ უიზარდსთან ოვერტაიმში დამარცხდნენ.

შეხვედრა NBA-ს მოქმედი ჩემპიონების უპირატესობით წარიმართა და მესამე მეოთხედში ლეიკერსი მეტოქეს 17 ქულასაც უგებდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში უიზარდსმა მოახერხა სხვაობის შემცირება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. ლეიკერსს იმედი საბოლოოდ ვაშინგტონის გამთამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა გადაუწურა, რომელმაც ბოლო წამებზე გადამწყვეტი ლეი-აპი ფოლით ჩააგდო.

გამარჯვებულებს ბრედლი ბილმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო. სამმაგ დუბლამდე სულ ერთი პასი დააკლდა რასელ ვესტბრუკს, რომლის ანგარიშზე 32 ქულა, 14 მოხსნა და 9 პასია. 15 ქულით დაასრულა თამაში რუი ჰაჩიმურამ.

📺 ვესტბრუკს კურიოზიც ჰქონდა

ეს მოგება უიზარდისთვის ზედიზედ მეხუთეა, რომელმაც მანამდე  ბოსტონს, ჰიუსტონს, დენვერსსა და პორტლენდს აჯობა. ლეიკერსთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბრედლი ბილმა გააკეთა: 

"ეს უცხო შეგრძნებაა, კარგი გაგებით. ეს მშვენიერია, მაგრამ ამავდროულად, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ამას ვხვდებით და ამის შესახებ ერთმანეთს მუდმივად ველაპარაკებით. მავნე ჩვევები ჯერ კიდევ გვაქვს, რომლებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, თუმცა არ ვაკნინებთ იმას, რაც უკვე შევძელით". 

ლეიკერსში საუკეთესო ლებრო ჯეიმსი იყო - 31 ქულა, 13 პასი და 9 მოხსნა. 26 ქულა და 9 პასი მიითვალა მონტრეზ ჰარელმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა კაილ კუზმამ - 14 ქულა, 11 მოხსნა.

📺 ბილი და ვესტბრუკი ლეიკერსის წინააღმდეგ

ლოს ანჯელეს ლეიკერსს 32 მატჩში 22 მოგებით, დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი უკავია. მომდევნო შეხვედრას კალიფორნიელები კონფერენციის ლიდერ იუტა ჯაზთან, 25 თებერვალს გამართავენ. 

ვაშინგტონ უიზარდსი, რომელსაც 28 მატჩში 11 მოგება აქვს და აღმოსავლეთში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს სტუმრად 24 თებერვალს ლოს ანჯელეს კლიპერსთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები