Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონმა ალესანდრო დელ პიეროს სიტყვები გაიხსენა
  • 2003 წელს ძალიან მაგარმა იუვენტუსმა მილანთან ფინალში პენალტებით წააგო

2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ალბათ იტალიური ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კარგად ახსოვს. იმ სეზონში იუვეს თავის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავდა. პაველ ნედვედმა იმ წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, ტურინელთა რიგებში კი მის წინ დელ პიერო-ტრეზეგეს დუეტი თამაშობდა, ნახევარდაცვაში ედგარ დავიდსი იდგა, დაცვის ხაზს კი ბუფონის, ლილიან ტურამისა და ჩირო ფერარას კლასის ფეხბურთელები ქმნიდნენ.

იუვემ ფინალამდე ბარსელონას და "გალაქტიკოსების" რეალს მოუგო, ფინალში კი კარლო  ანჩელოტის მილანს ხვდებოდა, რომელიც იმ სეზონში დაბრუნდა ევროპული ფეხბურთის ელიტაში რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ.

იუვე ფავორიტი იყო. იმ სეზონში სერია A-ში ტურინელებმა მილანს 11 ქულით გაასწრეს და ორივე თამაში მოუგეს, თუმცა ლიპის გუნდს ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ნედვედი აკლდა. თანაბარი თამაში გამოვიდა, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც მილანმა მოიგო.

ბუფონმა გაიხსენა, თუ რა უთხრა მას საფინალო სასტვენის შემდეგ იუვეს კაპიტანმა, ლეგენდარულმა ალექს დელ პიერომ.

ბუფონი: "თამაშის დასრულების შემდეგ მოედანზევე ვტიროდი. დელ პიერო მოვიდა და მითხრა: 'მოწინააღმდეგეების თვალწინ არასოდეს იტირო, ადექი და კაცი იყავი. როდესაც გასახდელში დავბრუნდი, იქ ალექსი ბავშვივით ტიროდა. არასოდეს მინახავს ცხოვრებაში მოთამაშე, რომელსაც იუვენტუსი ისე უყვარდა, როგორც მას".

დელ პიეროს თავისი ჩემპიონთა ლიგა 1996 წელს მოგებული აქვს, ბუფონმა კი 2003 წლის შემდეგ კიდევ ორი ფინალი წააგო. ჩემპიონთა ლიგა ის იშვიათი ტიტულია, რომელიც ბუფონს ჯერ კიდევ არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები