Thumbnail

წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს - ინფორმაციას უკრაინელები ავრცელებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი წიტაიშვილმა ქართველი ქომაგისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო
  • კომენტარი თავად კიევის დინამოს 20 წლის ფეხბურთელმაც გააკეთა
  • ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი ავრცელებს

კიევის დინამოს 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამჟამად პოლტავის ვორსკლაშია განათხოვრებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ამიერიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. ამ სასიხარულო ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Ua-Football ჟურნალისტ იგორ ციგანიკზე დაყრდნობით ავრცელებს. აი, რა განაცხადა მან:

“უკრაინული ფეხბურთის ქომაგებისთვის არცთუ კარგი ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და მომავალში ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით ითამაშოს. ასეთია თავად ფეხბურთელის პოზიცია. რამდენიმე თვის წინ გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც ის გასვენებაში ჩავიდა, ნათესავებმა ბაბუის სურვილი გადასცეს, რომ მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. სწორედ ამიტომ, ის მზადაა ეს ნაბიჯი გადადგას”.

სხვათა შორის, მალევე კომენტარი თავად წიტაიშვილმაც გააკეთა და მართალია, არაფერი დაუდასტურებია, ინფორმაცია არც უარყვია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. “ჯერჯერობით, არ შემიძლია და არც უფლება მაქვს ამ თემაზე ვისაუბრო. როდესაც მეტი კონკრეტიკა გვექნება, ყველაფერი ცხადი გახდება”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში კიევის დინამოს მაისურით უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა, ვორსკლაში კი თებერვლის დასაწყისში გაანათხოვრეს. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 20-წლამდელთა შორის კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები