- მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება
- ვლადიმერ ბოისა: საქართველოსთან თამაშის ეშინიათ, ლიეტუვა გერმანიას აირჩევს
გაირკვა მომავალი ევრობასკეტის ყველა მონაწილის ვინაობა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება. საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო დღეს მხოლოდ 2 გუნდიღა იყო გამოსავლენი: ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთს 86:84 სძლია, თუმცა, პირველ შეხვედრაში 9 ქულით ჰქონდა წაგებული და ბალტიისპირელებს მაინც ჩამორჩა, ლიეტუვამ კი უშუალო კონკურენტ დანიას 77:76 სძლია და სირცხვილს გადაურჩა, თუმცა, მატჩზე მყოფი ლეგენდა არვიდას საბონისი ძალიან ანერვიულა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუველებს 1995 წლის შემდეგ არცერთი ევრობასკეტი არ გამოუტოვებიათ და უმთავრეს ევროპულ ფორუმზე ამჯერადაც ითამაშებენ.
ამგვარად, 2022 წლის ევრობასკეტზე შემდეგი ნაკრებები ითამაშებენ: საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისრაელი, ესპანეთი, სლოვენია, უკრაინა, რუსეთი, სერბეთი, ფინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა. კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხეს რუმინეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, დანიამ, შვედეთმა, შვეიცარიამ, ავსტრიამ, მონტენეგრომა და ლატვიამ.
აღნიშნული 24 ნაკრები ტრადიციულად ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საუკეთესო 4-4 ნაკრები კი მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვებს. მომავალი ტურნირის წილისყრა გაისად 30 მარტს ჩატარდება, უშუალოდ ევროპის პირველობა კი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს გარდა, თამაშები ჩეხეთში (პრაღა), იტალიასა (მილანი) და გერმანიაში (კიოლნი და ბერლინი) ჩატარდება.
ცხადია, საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის რანგშიც განაღდებული ჰქონდა, თუმცა, საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა, რადგანაც საკვალიფიკაციო E ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველმა კალათბურთელებმა 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვეს: სერბეთთან (94:90, 66:92), ფინეთთან (91:85, 70:78) და შვეიცარიასთან (96:88, 91:84). საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი სადებიუტო გამოსვლისას ჰქონდა – მე-11 ადგილი 2011 წელს.
კომენტარები