Thumbnail

'რისკზე უნდა წავიდეთ, მის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ' - ვილი სანიოლის ინტერვიუ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვილი სანიოლის ინტერვიუ სფფ-ს პრესსამსახურთან
  • 43 წლის ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში პოტენციალს ხედავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში იმყოფება და გუშინ დინამო თბილისსა და გაგრას შორის საქართველოს სუპერთასის მატჩსაც დაესწრო. ფრანგ სპეციალისტთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინტერვიუ ჩაწერა.

სანიოლს 2017 წლის შემდეგ მწვრთნელად არ უმუშავია. ამის მიზეზზე სანიოლმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ პაუზა ოჯახური პრობლემის გამო ჰქონდა აღებული, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და თავის საქმიანობაზე სრულად კონცენტრირება შეუძლია:

რატომ ჰქონდა პაუზა

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ბაიერნში მუშაობის შემდეგ კარიერაში ორწლიანი პაუზა ავიღე. დეტალებს ახლა არ გავაჟღერებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზების გამო მივიღე, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება. მამისთვის მთავარი პრიორიტეტი შვილებია. ეს ორი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორა და სრულად შემიძლია ყურადღება ახალ პროექტს დავუთმო. მთავარი მწვრთნელის რანგში შეუძლებელია ყურადღება მხოლოდ 80 ან 70%-ით დაუთმო საკუთარ საქმეს. აუცილებელია, შენს გუნდს სრულად დაუთმო ყურადღება და ენერგია. ახლა ფოკუსირებული ვარ საქართველოში ჩემს მისიაზე და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივაღწევთ წარმატებას".

ნაკრების პოტენციალზე

სანიოლმა იცის, რომ საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და, როგორც თავად თქვა, მათთან მუშაობას მოუთმენლად ელოდება:

სანიოლი: "ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე გყავთ, სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ყველაფერი შეიცვალა, ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.მოგზაურობა, ვარჯიში, თამაში გართულდა. ბოლო ერთი წელი რთული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როდესაც 17-18 წლის ხარ და კარიერას იწყებ, ოცნებობ სავსე სტადიონზე, ბევრ გულშემატკივარზე, ბევრ რამეზე ოცნებობ, ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. თუმცა ეს გამოცდილება ახალგაზრდებს გააძლიერებს. ყოველთვის მიხარია ახალგაზრდებთან მუშაობა, რომელთაც სურთ წარმატებას მიაღწიონ და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. ველი მათთან მუშაობას".

ვილი სანიოლის დებიუტი 25 მარტს, შვედეთთან საგარეო მატჩშ შედგება
📷 | GFF

ფრანგი სპეციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა. როგორც ინტერიუში აღნიშნა, დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა და რაღაცის დადებითად შეცვლა წარმოუდგენელია. ამასთან, ის საქართველოს ნაკრებში პოტენციალს ნამდვილად ხედავს:

სანიოლი: "დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში უნდა ეამაყებოდეთ და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურას. თუ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. არსებობს პოტენციალი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული, 99%-ით დახარვჯა არ არის საკმარისი, 100%-ს კი როგორც წესი კარგი შედეგი მოაქვს".

🎙 სანიოლის ინტერვიუ სრულად

ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ

🎥 ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 🇬🇪

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ორშაბათი, 22 თებერვალი, 2021

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად თამაში მოუწევს. სანიოლმა მეტოქეების შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რისკზე წასვლა აუცილებელი წინაპირობაა წარმატების მისაღწევად:

სანიოლი: "რა თქმა უნდა, ესპანეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შვედეთი ყოველთვის მონაწილეობას დიდ ტურნირებში, ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. კოსოვოს კი ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ეს ძალიან რთული ჯგუფია, თუმცა ეს 6-დღიანი ფანჯრები გარკვეულ ბალანსს შემოიტანს ჯგუფში. ასეთ პირობებში დიდ გუნდებსაც პრობლემები შეექმნებათ შედარებით პატარა გუნდების წინააღდმდეგ. 15-20 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი, როგორც წესი, თამაშს იგებდა, არსებულ პირობებში კი ყველაფერი სხვაინაირადაა. მთავარი მოლოდინი ის უნდა იყოს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატოს, რაც სწორ მიმართულებას მოგვცემს. წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და რისკზე წავიდეთ. თანამედროვე ფეხბურთში რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი რისკი და მისი ანალიზი".

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 15 თებერვალს დაინიშნა. მან 2-წლიანი კონტრაქტი, 2 წლის გახანგრძლივების შესაძლებლობით, გააფორმა. 43 წლის ფრანგ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩი ზუსტად ერთ თვეში, 25 მარტს, სტუმრად შვედეთის ნაკრებთან ელოდება. მარტში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის ეგიდით 6-დღიან მონაკვეთში სამ მატჩს ჩაატარებს - შვედეთის გარდა, ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს შეხვედება (სტუმრად).

ვილი სანიოლს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებსა (2013-2014) და ბორდოში (2014-2016) უმუშავია, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნში კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები