Thumbnail

კვინიხიძე: კლუბები გვეხვეწებიან გვიშველეთო, მაგრამ ჩვენ რა ბერკეტი გვაქვს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდადატად იოსებ ტყემალაძის დარეგისტრირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურ კლუბებზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხდება. ცნობისთვის, კვინიხიძე ირაკლი აბუსერიძის გუნდში მოიაზრება, რომელიც 2020 წლის მიწურულს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა. აი, რა უთხრა კვინიხიძემ ტელეკომპანია “მთავარ არხს”:

“ხდება რაგბის ოკუპაცია, 100 წლის შემდგომ ზუსტად ერთი ერთში მეორდება. ამ კოლაბორაციონისტების მიერ შემოგდებული 30 იანვარს ჩატარებული შულავერის კომიტეტი ანუ გამგეობას ვგულისხმობ. მაშინ იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, ახლა არიან... სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, იმედია, თავის თავზე მიიღებენ. შემოგდება უნდათ ამ ადამიანის, “პრარაბის”, საქმეთა მწარმოებლის. რაც შეეხება მუნიციპალურ გუნდებს, ისეთი ზეწოლა იყო, ყველა მათგანი გადატეხეს. ბიჭები გვირეკავენ, გვეხვეწებიან გვიშველეთო, მაგრამ ჩვენ რა ბერკეტი გვაქვს შველის. კი, შეგვიძლია მშვიდობიანი გზებით ვაპროტესტოთ, სამართლებრივად მივყვეთ და ალბათ სახელმწიფოს უნდა დაველოდოთ, სხვა არ ვიცი, რა უნდა მოხდეს. გვსმენია, გვეუბნებიან კლუბები, რომ იძახის ბიძინას კაცი ვარო, მაგრამ არ ვიცით, ეგ თვითონ ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. ესე იძახის და ბოროტად იყენებს იმ კაცის სახელს”.

გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენი გახლავთ და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელსაც გარკვეული პროექტები აქვს ჩაბარებული, თუმცა, რა კავშირი აქვს მას ქართულ რაგბთან უცნობია. საერთოდაც, მასზე ინტერნეტშიც კი ძალიან მწირი ინფორმაცია იძებნება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობას 82 დელეგატიდან 43 დაესწრო, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რეესტრმა რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა.

კომენტარები

ბოლო ამბები