Thumbnail

მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, რომელსაც აღნიშნული უფლებას აძლევს, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მეტოქეც შეარჩიოს. რომელი იქნება ის ნაკრები, რომელიც თბილისში ჩამოვა? ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ისაუბრა, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში “ტაიმ აუტი”.

ვლადიმერ ბოისა: “საქართველომ ის გუნდი, რომელიც ჩვენს ჯგუფში ითამაშებს, გაისად 12 მარტამდე უნდა აირჩიოს, უშუალოდ წილისყრა კი 30 მარტსაა დაგეგმილი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. სწორი არჩევანია გასაკეთებელი იმ მხრივ, რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ჩამოვიდეს და ცხადია, სპორტული პრინციპიც გასათვალისწინებელია. იგივე ესპანეთის ან სერბეთის ჩამოყვანის შემთხვევაში, მათთან მოგება უფრო რთული იქნება. რა თქმა უნდა, სულ ვფიქრობთ ლიეტუვაზე, რომელთან უკვე მოგებულიც გვაქვს. მათ გასვლით თამაშებზე ძალიან ბევრი ქომაგი დაჰყვება, მაგრამ ცხადია, ამ, ყველაფერზე ისინიც უნდა იყვნენ თანახმა. ბოლო ინფორმაციით, ლიეტუველებს გერმანიაში წასვლა ურჩევნიათ, რადგანაც ფიქრობენ, რომ მათ უფრო იოლად მოუგებენ, ვიდრე – ჩვენ. მე ეს ძალიან მახარებს, რადგანაც ეს ნიშნავს, უკვე იმ დონეს მივაღწიეთ, რომ ლიეტუვას ჩვენთან ჩამოსვლის ეშინია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის E საკვალიფიკაციო ჯგუფში თამაში 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა: სერბეთთან (94:90, 66:92), ფინეთთან (91:85, 70:78), შვეიცარიასთან (96:88, 91:84). ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში თამაში ისედაც განაღდებული ჰქონდათ, თუმცა, ამ შედეგით აღნიშნულ უფლებას ისედაც მოიპოვებდნენ. ჩვენი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი და ფინეთიც ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები