Thumbnail
  • ბაიერნის ლეგენდა მიიჩნევს, რომ რეკორდმაისტერმა რეალის მიღწევა უნდა გაიმეოროს
  • შტეფან ეფენბერგს მიუნხენელთა მთავარ კონკურენტებად სიტი და პსჟ მიაჩნია

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა შტეფან ეფენბერგს მიაჩნია, რომ ბავარიულ გრანდს არა მარტო ჩემპიონთა ლიგის თასის შენარჩუნება, არამედ მისი ზედიზედ სამჯერ მოგებაც შეუძლია - როგორც ეს 2016, 2017 და 2018 წლებში მადრიდის რეალმა გააკეთა. ეფემ ამის შესახებ ‘კიკერთან’ ინტერვიუში ისაუბრა.

რომის ლაციოსთან მერვედფინალური რაუნდის პირველი მატჩის წინ ეფემ აღნიშნა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულისთვის ბრძოლაში ბაიერნს მანჩესტერ სიტისა და პარი სენ-ჟერმენის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავს, მაგრამ რეკორდმაისტერი მისი აზრით მაინც ნომერ პირველ ფავორიტად რჩება.

“ბაიერნი ტოპ-ფავორიტია! ჰანსი ფლიკს ისევ საუკეთესო გუნდი ჰყავს. მიუნხენელებს არა მარტო ტიტულის შენარჩუნება, არამედ მისი ზედიზედ მესამედ მოგებაც შეუძლიათ,” - განაცხადა 52 წლის ეფენბერგმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ბაიერნთან ერთად 2001 წელს მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლაციოსთან მატჩს ბაიერნი არცთუ სახარბიელო ფორმაში ხვდება. ფლიკის გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო ორი თამაშის მოგება ვერ შეძლო და თანაც, არცისე ძლიერ მეტოქეებთან - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ რეკორდმაისტერმა ჯერ ბილეფელდის არმინიას ვერ მოუგო (3:3), გასულ შაბათს კი ფრანკფურტის აინტრახტთან 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც, მეორე ადგილზე მყოფ ლაიპციგს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები