Thumbnail
  • კლიპერსი 118:122 ბრუკლინი
  • ყველაზე შედეგიანი ჯეიმს ჰარდენი იყო 37 ქულით
  • მატჩს საკამათო დასასრული ჰქონდა - კავაი ლეონარდს ბოლო შეტევაში ჯარიმა მისცეს

ბრუკლინმა დასავლეთ კონფერენციაში თავისი ხუთმატჩიანი მოგზაურობა ტრიუმფალურად დაასრულა. ფინიქსის, გოლდენ სტეიტის და ლეიკერსის შემდეგ, ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი კლიპერსიც დამარცხებულია. ზედიზედ მეოთხედ, ბრუკლინმა კევინ დურანტის გარეშე გაიმარჯვა.

კლიპერსთან თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრუკლინი თითქოს მთელი მატჩი წინ იყო, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერხელ ვერ მოიპოვა და ბოლო წუთზე კლიპერსმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩს მოულოდნელი და საკამათო დასასრული ჰქონდა. ჯერ იყო და, მატჩის გმირად მოულოდნელად დეანდრე ჯორდანი იქცა. იქამდე ჯორდანმა საჯარიმოები ვერ გამოიყენა და კლიპერსს დაწევის საშუალება მისცა, თუმცაა ბოლო შეტევაში, თანაბარ ანგარიშზე კაირი ირვინგის აცილებული სამიანის შემდეგ სწორედ ჯორდანმა მოხსნა შეტევაში ბურთი და გადამაწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

კლიპერსს ერთი შეტევა ჰქონდა და მხოლოდ ორ ქულას აგებდა. კავაი ლეონარდი სამწამიანში შევიდა და ჩააგდო, თუმცა მსაჯმა მას შეტევაში ჯარიმა მისცა. ჯარიმა საკამათოდ გამოიყურებოდა, მით უმეტეს ბოლო წამებისთვის. ისეც ჩანდა, რომ ჯეიმს ჰარდენმა კავაის ხელის მოძრაობა ცოტა გააფორმა კიდეც.

ჰარდენი ბრუკლინის მთავარი კაცი იყო. 25-დან 13 სროლა გამოიყენა (მათ შორის 9-დან 4 სამიანი) და 37 ქულა დააგროვა 11 მოხსნასთან და 7 პასთან ერთად. 28 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს, თუმცა 11-დან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო.

კარგი თამაში ჰქონდათ კლიპერსის ლიდერებს: კავაი ლეონარდმა 19-დან 9 სროლა გამოიყენა (მათ შორის 9-დან 5 სამიანი) და 29 ქულა ჩააგდო. კიდევ უკეთესი იყო პოლ ჯორჯი, რომელსაც 19-დან 12 ზუსტი სროლა და 34 ქულა ჰქონდა. თუმცა ლიდერებს კლიპერსის სხვა მოთამაშეები ვერ დაეხმარნენ. მათ გარდა თუნდაც 10 ქულიან მაჩვენებელს მხოლოდ ივიცა ზუბაჩი გადაცდა, ბრუკლინს კი ასეთი სამი მოთამაშე ჰყავდა.

კლიპერსი პერიმეტრიდან უკეთ ისროდა (ზუსტი სროლების 42 პროცენტი 28-ის წინააღმდეგ), მეტოქის ფარზეც 16 მოხსნა შეასრულა, თუმცა დაკარგვებმა დააღალატა: კლიპერსმა 16-ჯერ დაკარგა ბურთი (ბრუკლინმა მხოლოდ 6-ჯერ) და გარდა ამისა ნიუ იორკელებს 10 მოპარვაც ჰქონდათ. ორივე ეს გუნდი ჩემპიონატის ფავორიტებად რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები