Thumbnail

'იმედია, უფრო მაგარი გამარჯვება წინაა' - რა თქვეს კონტემ და პიოლიმ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანი 0:3 ინტერი
  • დერბი დელა მადონინას გამოხმაურება

სერია A-ს 23-ე ტურის სუპერმატჩში ინტერმა მილანი 3:0 დაამარცხა. ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა, ხოლო რომელუ ლუკაკუმ ერთი გოლი გაიტანა და ინტერმა დერბი დელა მადონინა იოლად მოიგო. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. ანტონიო კონტემ თქვა, რომ ინტერი ამ შეხვედრისთვის კარგად მოემზადა და გამარჯვება ტიფოზებს მიუძღვნა, თუმცა მილანიც შეაქო მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებისთვის:

"ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, ისინი შესანიშნავი თამაშის მთავარი გმირები არიან. კარგად მოვემზადეთ. ეს ყველაზე მაგარი გამარჯვებაა? იმედი მაქვს, რომ უფრო მაგარი გამარჯვება წინ გველოდება. ვაგრძელებთ განვითარებას, ბედნიერი ვარ, რადგან მოხდა ის, რასაც ველოდით. ვულოცავ მილანსა და პიოლის იმას, რასაც აკეთებენ. ამ გამარჯვებას ტიფოზებს ვუძღვნით, სტადიონზე მიცილების პროცესი მომაჯადოვებელი იყო. ამან ჩვენზე ზეწოლაც მოახდინა, მაგრამ ჩვენ პოზიტიურ წნეხად გადავაქციეთ".

ინტერმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ მის გუნდს მძიმე კვირა ჰქონდა (მილანმა ზედიზედ მეორედ წააგო სერია A-ში), მაგრამ ფეხზე აუცილებლად წამოდგება:

"5 წუთის შემდეგ გაშვებულმა გოლმა გადამწყვეტი გავლენა იქონია. ვიბრძოდით და შეგვეძლო გატანა, მაგრამ ჩვენი თამაშის საუკეთესო მონაკვეთში გატანა ვერ მოვახერხეთ. ინტერის მეორე გოლის დროს შეტევის დასაწყისში ჯარიმა უნდა დაფიქსირებულიყო. იბრაჰიმოვიჩის სუსტი თამაში? ფორვარდის კარგი გარჯა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰანდანოვიჩს დიდი ხანია ასეთი სეივები არ გაუკეთებია. ჩვენთვის ეს მძიმე კვირა იყო, მაგრამ მილანი ფეხზე წამოდგება. ამ გუნდის სიძლიერე ყოველთვის ბალანსი იყო, ისევე, როგორც ჩვენი საქმისადმი რწმენა. ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ ამ დროს მე-2 ადგილზე ვიქნებოდით, ვიზეიმებდით. ახლა სიმშვიდე არ უნდა დავკარგოთ. სპეციასთან წაგებასაც თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად ცუდი პერიოდი გვაქვს. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით. ახლა საჭიროა ვიმუშაოთ".

შეგახსენებთ, რომ ინტერი სერია A-ს 53 ქულით ლიდერობს და სწორედ მილანს უკვე 4 ქულით უსწრებს, რამაც შესაძლოა, სეზონის დარჩენილ ნაწილზე გადამწყვეტი გავლენაც მოახდინოს. მეორეს მხრივ, მილანს მდევრები უახლოვდებიან და "როსონერის" არა მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა, არამედ ოთხეულში პოზიციის შენარჩუნებაზე ზრუნვაც მოუწევს.

📺 მილანი 0:3 ინტერი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები