Thumbnail
  • ოთხშაბათი / 22:45 / რომი / "ოლიმპიკო"
  • შეძლებს რომა ზედიზედ მეორედ 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას?
  • იტალიელები ისევ თავდაჯერებულები არიან

“ენფილდზე” 2:5 წაგების შემდეგ, რომას შანსი, გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მინიმუმამდეა შემცირებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იტალიურ კლუბს ჯერ კიდევ არ მოვიხსენიებთ უშანსოდ, მეოთხედფინალში ბარსელონასთან დაფიქსირებული 3:0-ია. “ჯალოროსის” “ნოუ კამპზეც” 3-ბურთიანი სხვაობით ჰქონდა წაგებული (1:4), მაგრამ “ოლიმპიკოზე” სასწაული მოახდინა და კატალონიური გრანდი 3:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ახლა, რომა ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშიც კი არის, რადგან ლივერპულს ენფილდზე 2 ბურთი გაუტანა…

ფასიო, დე როსი და ჯეკო - რომაელები ლივერპულთან მატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან

ზედიზედ ორჯერ ასეთი სასწაულის მოხდენა თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ფაქტია, იტალიელებს იმედი აქვთ და, პრინციპში, რატომაც არ უნდა ჰქონდეთ? თუკი ბარსელონას მოუგეს 3:0, რატომ არ უნდა მოუგონ ლივერპულს?

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • ედინ ჯეკო
  • მოჰამედ სალაჰი

ბარსასთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ რომას ყველამ სერიოზულად შეხედა - მათ შორის, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც. სწორედ ამის შედეგია ის, რომ რომაელები “ენფილდზე” უშანსოდ ნადგურდებოდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხეს ორი ბურთის გატანა. 

ბარსას დამარცხებამდე ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს სერიოზულად არავინ აღიქვამდა - არადა, რომა მანამდეც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა: იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის ატლეტიკოს და ლონდონის ჩელსის აჯობეს. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის რომ რომას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე ჯერ გოლი არ გაუშვია!

იცოდი?

რომას სახლში გოლი ჯერ არ გაუშვია!
რა მოხდება ახლა?

რომაელებს პეროტი, სტროოტმანი და დეფრელი ჰყავთ ტრავმირებული, ლივერპულს კი იმავე მიზეზით ლალანა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი ჩანი და მატიპი აკლია.

"მოტივაციის თვალსაზრისით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბარსელონასთან მატჩის წინ იყო - ჩვენ უნდა გვჯეროდეს და მაქსიმუმი გავაკეთოთ!" - ეუსებიო დი ფრანჩესკო

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომას მთავარი მწვრთნელი)

“საკუთარ მოედანზე ჩატარებული მატჩებიდან პრობლემები მხოლოდ ატლეტიკოსთან გვქონდა. სხვა საშინაო შეხვედრებში კარგად ვითამაშეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა ისევ მაქსიმალურად უნდა მოინდომონ - ეს განსაკუთრებით ედინ ჯეკოს ეხება, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. იმედია, ამ მატჩში ისეთივე ფიგურა იქნება, როგორიც სალაჰი იყო წინა შეხვედრაში. მოტივაციის თვალსაზრისით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბარსელონასთან მატჩის წინ იყო - ჩვენ უნდა გვჯეროდეს და მაქსიმუმი გავაკეთოთ!”

იურგენ კლოპი (ლივერპულის მთავარი მწვრთნელი)

“აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ჩვენი ოცნების ასასრულებლად ვიბრძოლოთ. ფინალში გასვლა გვინდა! ვინც ფიქრობს, რომ რომასთვის 3:0 მოგება ადვილია, ძალიან ცდება. მოედანზე ხომ ჩვენც ვიქნებით? გასახდელში დარჩენას არ ვაპირებთ. უდიდესი შანსი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მაგარია, რომ ნახევარფინალამდე მოვედით, მაგრამ ახლა ფინალშიც უნდა გავიდეთ. ვფიქრობ, ნახევარფინალში ყოფნა 100 პროცენტით დავიმსახურეთ და იმედია, ფინალშიც დამსახურებულად გავალთ.”

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (3-4-3): ალისონი - ფასიო, მანოლასი, ჟესუსი - ფლორენცი, დე როსი, ნაინგოლანი, კოლაროვი - შიკი, ჯეკო, ელ შაარავი.

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

საინტერესო ფაქტები

რომამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე 5 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუშვია.

ლივერპული დაახლოებით ისეთივე კომფორტულ მდგომარეობაშია, როგორც მანჩესტერ სიტისთან პირველი მატჩის შემდეგ იყო, რომელიც 3:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში 5:1 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა

ლივერპულს 15 მატჩია არ წაუგია!
რა მოხდება დღეს?

რომა აქამდე ნახევარფინალში ერთადერთხელ იყო და მაშინაც მოიგო (დანდი იუნაიტედთან), თუმცა მერე ფინალი ლივერპულთან, საკუთარ “ოლიმპიკოზე” წააგო.

რომა ამ სეზონში ინგლისურ კლუბს მეორედ ხვდება: ჯგუფურ ეტაპზე “ჯალოროსის” მეტოქე ჩელსი იყო. ლონდონში მატჩი 3:3 დასრულდა, რომში კი, დი ფრანჩესკოს გუნდმა 3:0 მოიგო.

რომას ბალანსი ინგლისურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე: 9 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი (1984 წლის ფინალი ლივერპულთან არ არის ჩათვლილი).

რომას გარდა, სხვა არცერთ გუნდს არ მოუხერხებია ამ სეზონში პირველი მატჩის წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა და, თანაც, რომამ ეს ორჯერ გააკეთა - შახტართან და ბარსელონასთან.

იყო დრო, როცა ლივერპულმა ზედიზედ 7 ნახევარფინალი მოიგო. ეს სერია 2008 წელს შეწყდა, როცა მერსისაიდელები ჩელსისთან დამარცხდნენ. 

ლივერპულის ბალანსი იტალიურ კლუბებთან პლეი ოფში, ორრაუნდიან დუელში: 4 მოგება, 2 წაგება. 

ლივერპულმა იტალიაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (3 მოგება, 3 ფრე).

 

კომენტარები

ბოლო ამბები