Thumbnail
  • ბარსელონამ საკუთარ მოედანზე კადისთან მხოლოდ ფრე ითამაშა
  • მატჩის შემდეგ კომენტარები პიკემ და კუმანმა გააკეთეს

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე კადისის დამარცხება ვერ შეძლო (1:1) და მატჩის შემდეგ ჟერარდ პიკემ თქვა ის, რასაც კატალონიური გრანდის ყველა ქომაგი ფიქრობს - ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იყოო. ამრიგად, ბარსამ ვერ ისარგებლა იმით, რომ წინა დღეს ლიდერმა ატლეტიკომ ქულები დაკარგა (0:2 ლევანტესთან). კადისთან ფრის შემდეგ იმედგაცრუებული იყო კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანიც, თუმცა მან კლემენ ლენგლეს დადანაშაულება არ ისურვა.

ჟერარდ პიკე (ბარსელონა)

...კადისთან ფრეზე: “ძალიან სამწუხარო ამბავია, რადგან ატლეტიკოს მარცხით მოგვეცა შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ბოლო წუთებზე პენალტის მიღება და ორი ქულის დაკარგვა რთულად გადასატანია. ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს დიდი დარტყმაა.”

...ჩემპიონობის შანსებზე: “ყოველი ვერმოგებული მატჩი შანსებს ამცირებს. მართალია, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ მთავარი სტაბილურობაა. თუ ასე გავაგრძელებთ, შანსი არ გვექნება. ადვილი არაფერია, მაგრამ ბოლომდე უნდა ვეცადოთ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. ეს არ არის ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ მე მჯერა ამ გუნდის. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ლა ლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი ტურია და ქულებს სხვებიც დაკარგავენ. იმედი მაქვს, ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ.”

ბარსელონა ლიდერ ატლეტიკოს 8 ქულით ჩამორჩება

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): 

...კადისთან ფრეზე: “ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. მეორე გოლის გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა ვერ მოვახერხეთ. ორი ქულა დავკარგეთ და ცხადია, იმედგაცრუებული ვარ.”

...ფეხბურთელებზე: “არ მიყვანს ვინმეს გამოყოფა და გაკრიტიკება, გუნდი ერთად აგებს პასუხს ყველაფერზე. კადისი თავის საჯარიმოში თავს კარგად იცავდა, ჩვენ საკმარისად ბევრს არ ვუტევდით - მიუხედავად იმისა, რომ მომენტები გვქონდა.”

...კადისის თერთმეტმეტრიანზე: “ვფიქრობ, კადისის პენალტი ასპროცენტიანი არ იყო, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ მისი დანიშვნა შეიძლებოდა. მცველისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, სად დგას და როგორ სათამაშო სიტუაციაშია. ცხადია, ფეხბურთელმა ასეთ დროს ასე არ უნდა გარისკოს, თუმცა ეს მომენტი კიდევ ერთხელ უნდა ვნახო. ალბათ ახლა უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე სამშაბათს ვიყავი, რადგან კარგი სერია გვქონდა და ეს იყო შანსი, ატლეტიკოსთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა. ეს იყო მატჩი, რომელშიც პრობლემები თითქმის არ გვქონია და რომელიც უნდა მოგვეგო.”

კომენტარები

ბოლო ამბები