Thumbnail

დრამატული თამაში და პენალტების სერია - სუპერთასს დინამო თბილისი დაეუფლა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 2:2 (5:4 პენ) გაგრა
  • გოლები: 0:1 ქობულაძე (12), 1:1 მარუშიჩი (47), 2:2 გაბედავა (67), 2:2 ნოზაძე (78)
  • დინამო თბილისმა საქართველოს სუპერთასი მერვედ მოიგო

საქართველოს სუპერთასი დინამო თბილისმა მოიგო. მოქმედი ჩემპიონი წლის პირველ ოფიციალურ მატჩში დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ გაგრას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლი ესწრებოდა.

გაგრამ ჩვეული, ბრძოლისუნარიანი თამაში აჩვენა და უფრო მეტად რომ გამართლებოდა, მოიგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო. ანგარიში სწორედ გაგა კირკიტაძის გუნდმა გახსნა. მე-12 წუთზე სტანდარტის შემდეგ გიორგი ქობულაძემ თავური დარტყმით შეძლო როინ კვასხვაძის კარის აღება. პირველ ტაიმში გაგრას სახიფათო მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი კი დინამოელთა სწრაფი გოლით დაიწყო. კარგი შეტევა ზორან მარუშიჩმა შესანიშნავი დარტყმით დაასრულა და დინამოს მაისურით ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ზუსტად 20 წუთში გიორგი ნემსაძის გუნდი დაწინაურდა. ამჯერად გიორგი კუციას იდეალური პასი გიორგი გაბედავამ გამოიყენა და ახლო მანძილიდან დავით კერესელიძეს აჯობა. გაგრას კიპერმა რამდენიმე წუთის შემდეგ მარუშიჩის დარტყმა საოცარი სეივით მოიგერია და თავისი გუნდი თამაშში დატოვა. გაგრა არ დანებებულა და ანგარიში მალევე გაათანაბრა. კიდევ ერთი კარგად გათამაშებული სტანდარტი გოლით ლუკა ნოზაძემ დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და დებულების თანახმად, დამატებით დრო არ დანიშნულა, გამარჯვებულის გამოსავლენად პირდაპირ პენალტების სერია ვნახეთ. საფეხბურთო ლატარეაში 10 პენალტი შესრულდა, საიდანაც მხოლოდ ერთი არ გავიდა. გაგრას ნახევარმცველ თეიმურაზ მარკოზაშვილს როინ კვასხვაძემ აუღო და მატჩის გმირი გახდა. სხვათა შორის, დინამოელთა მეკარემ თავადაც მოახერხა თერთმეტმეტრიანის გატანა. გადამწყვეტი პენალტი კი გიორგი გაბედავამ გაიტანა, რომელმაც ისევე, როგორც გატანილი გოლი, არც პენალტი აღნიშნა - ყოფილი გუნდის პატივისცემის ნიშნად.

საბოლოოდ, დინამო თბილისმა გაგრას პენალტების სერიაში 5:4 აჯობა და სეზონი ტიტულით დაიწყო. ეს თბილისური კლუბის ისტორიაში მე-8 საქართველოს სუპერთასია, ხოლო გაგრა სუპერთასის ფინალში მეორედ დამარცხდა. თავის მხრივ, გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

დინამო თბილისი 2:2 (5:4 პენ) გაგრა

გოლები: 0:1 ქობულაძე (12), 1:1 მარუშიჩი (47), 2:2 გაბედავა (67), 2:2 ნოზაძე (78)

დინამო თბილისი: კვასხვაძე - მონხილი, კობოური, ქარდავა (58. ქარდავა), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლეიდი, მექვაბიშვილი (78. ახვლედიანი), მარუშიჩი

გაგრა: კერესელიძე - ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე, სულთანიშვილი (59. კაკიაშვილი), ხაბელაშვილი (59. იონანიძე), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (66. მარკოზაშვილი), სამუშია

პენალტების სერია
დინამო თბილისი: სპორსკლეიდი ✅ კუცია  მონხილი  კვასხვაძე  გაბედავა 
გაგრა: ხოსიტაშვილი  კაკიასვილი ✅ ჩადუნელი ✅ მარკოზაშვილი ❌ მაქაცარია 

კომენტარები

ბოლო ამბები