Thumbnail
  • საქართველო 70:78 ფინეთი
  • ილიას ზუროსის ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლი მარცხით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო E ჯგუფში თამაში მე-2 ადგილზე დაასრულა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ილიას ზუროსის შეგირდებმა თბილისური “ბაბლის” ეგიდით ფინეთის ნაკრებთან 70:78 წააგეს, არადა, მატჩის განმავლობაში 22-ქულიანი (22:44) ჩამორჩენის აღმოფხვრაც კი მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა კვალიფიკაციის ეგიდით პირველად გასული წლის ნოემბერში ფინურ ესპოოში ითამაშეს და მაშინ ქართველმა კალათბურთელებმა 91:85 მოიგეს, ამჯერად კი, სუომელთა რევანში შედგა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩის წინ მეტოქეებმა თითო-თითო მნიშვნელოვანი კალათბურთელი მოისაკლისეს. საქართველოს ნაკრების განაცხადში აღარ ყოფილა ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი კონერ ფრენკამპი, რომელიც სერბეთთან სადებიუტო შეხვედრაშივე დაშავდა. აი, ფინელებმა კი გამოცდილი პეტერი კოპონენი მოისაკლისეს, რომელმაც ორიოდ დღის წინ შვეიცარიასთან მოგებულ შეხვედრაში გუნდს 21 ქულა შესძინა. შესაბამისად, ცვლილებები მოხდა მეტოქეთა სასტარტო შემადგენლობებშიც. ილიას ზუროსმა მოედანზე გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე, მერაბ ბოქოლიშვილი და გივი ბაქრაძე გაიყვანა, ჰენრიკ დეტმანის ხუთეული კი ასე გამოიყურებოდა: შონ ჰაფი, სასუ სალინი, ალექსანდერ მადსენი, ედონ მაქსჰუნი და ალექს მერფი.

ილიას ზუროსის გუნდმა 6 თამაშიდან 4 მოიგო

ანგარიში გიორგი შერმადინის ზუსტი შეტევით გაიხსნა და მალევე მერაბ ბოქოლიშვილმა სამქულიანი ჩააგდო, თუმცა, სწრაფი ფინელების შეჩერება გაჭირდა. მათ აქცენტი ტრადიციულად პერიმეტრიდან შეტევაზე აიღეს, საწყის ოთხიოდ წუთში 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდეს და 13:5 დაწინაურდნენ. ამას ქართველი კალათბურთელების შეცდომები მოჰყვა, რამდენჯერმე ბურთი უბრალოდ მეტოქის ნახევარზე ვერ გადმოვიტანეთ, ფინელები კი სხვაობას ზრდიდნენ. ბევრ რამეზე მეტყველებს ისიც, რომ მასპინძლებს საწყის 10 წუთში, რომელიც 17:30 წავაგეთ, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდათ, ფინელებმა კი 71%-იანი სიზუსტით ესროლეს, მათ შორის 10-დან 6 სამქულიანი.

სიტუაცია დიდად არც მე-2 მეოთხედში შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგოთა სკამიდან მუდმივად ისმოდა შეძახილი, რომ უფრო ხისტად უნდა გვეთამაშა, ფინელები ქულებს ძალიან იოლად იღებდნენ. ნათლად სჩანდა, რომ ნატურალიზებული კალათბურთელის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებს თამაშის ორგანიზება უჭირდა. ამასობაში, პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა და ჩამორჩენა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, გიორგი შერმადინს მაქსიმუმი რომ არ გაეკეთებინა: ქართველმა ცენტრმა უკვე შესვენებამდე 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. და ერთიც. ნაკრებში ამ თამაშისთვის დამატებულმა კახაბერ ჯინჭარაძემ პირველ ტაიმში 13 წუთი ითამაშა და ზუროსმა მას მე-2 ნახევარიც ხუთეულში დააწყებინა.

ბექა ბურჯანაძეს 11 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა

შესვენების შემდეგ მოედანზე გამოსულ საქართველოს ნაკრებს გაცილებით მეტი ჟინი ეტყობოდა და ეს ანგარიშზეც აისახა. დუდა სანაძემ, რომელსაც შორეული ტყორცნა არ წაუვიდა, 4 ქულა აიღო, შეტევები ზუსტად დაასრულეს შერმადინმა და ბურჯანაძემ, მეტოქე კი მცირედით “აიჭრა” და თავისუფალი სროლებიც ააცილა. შედეგად, 9-ქულიანი გაქცევა. ამ დროს კიდევ ძნელი წარმოსადგენი იყო, მე-3 მეოთხედში რა მოხდებოდა. ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში თამაშს კიდევ უფრო მოუმატეს, მეტოქეს თითოეული ქულის აღებაც კი ძალიან უჭირდა და სხვაობა ნელ-ნელა მცირდებოდა. ამ მეოთხედში სანაძემ 6-ვე საჯარიმო გამოიყენა და მე-8 ცდიდან პირველი სამქულიანიც ჩააგდო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბერიშვილის ზუსტი შორეული ტყორცნაც, სათადარიგოებიც მაგრად დაიხარჯნენ და 10-წუთეული 27:8 მოვიგეთ, ანგარიში კი საყაიმო გახდა – 57:57.

დუდა სანაძემ 18 ქულა ჩააგდო

ბოლო მეოთხედი ორივე გუნდმა ნერვულად დაიწყო, ქართველმა კალათბურთელებმა 3 წუთი ქულა ვერ აიღეს, თუმცა, ფინელთა 3 საჯარიმო ბერიშვილმა სამქულიანი გაქვითა – 60:60. იქვე კანტონენმა ზუსტ იერიშს დამატებითი საჯარიმოც მიაყოლა და სტუმრები ისევ წინ გაიჭრნენ, ბურჯანაძის სამიანს კი შორეული ტყორცნით მადსენმა უპასუხა. ზუსტი სამქულიანები ის კომპონენტი გამოდგა, რომელიც ფინელებს ზუსტად საჭირო მომენტში  დაეხმარათ, საქართველოს ნაკრებს კი მაგრად ჩატარებული წინა მეოთხედის შემდეგ, საფინიშო სპურტისთვის უბრალოდ ძალა აღარ ეყო. ფინეთის ნაკრები მატჩის ბოლო წუთს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და თამაშის სასურველ შედეგამდე მიყვანა მოახერხა - 78:70. საქართველოს ნაკრებში შერმადინმა ორმაგი დუბლი (19 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა, სანაძემ 18 ქულა ჩააგდო, ბურჯანაძემ კი 11 ქულას 7 მოხსნა წაამატა. ფინელებს 14-14 ქულით ერიკ მერფიმა და ელიას ვალტონენმა ულიდერეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის E საკვალიფიკაციო ჯგუფში თამაში 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა: სერბეთთან (94:90, 66:92), ფინეთთან (91:85, 70:78), შვეიცარიასთან (96:88, 91:84). ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში თამაში ისედაც განაღდებული ჰქონდათ, თუმცა, ამ შედეგით ამ უფლებას ისედაც მოიპოვებდნენ. ჩვენი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი და ფინეთიც ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები