Thumbnail
  • სერბეთი 88:81 შვეიცარია
  • იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ბოლო მეოთხედი 30:12 მოიგეს

შვეიცარიის საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის კვალიფიკაციაში მე-2 ხმაურიანი სენსაციის მოხდენამდე ცოტა დააკლდა. შეგახსენებთ, რომ E ჯგუფის აუტსაიდერმა გასული წლის ნოემბერში სერბეთს 92:90 სძლია, ამჯერად კი, თბილისური "ბაბლის" ეგიდით გამართულ შეხვედრაში სახელოვან მეტოქესთან დიდ ბრძოლაში წააგო.

საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ შვეიცარიელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მაქსიმალური მობილიზება მოახდინეს, ბოლო ათწუთეულში 30:12 იმარჯვეს და საბოლოოდ, მოწინააღმდეგე 88:81 დაამარცხეს.

წაიკითხეკოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

სერბებს იმავე კალათბურთელებმა ულიდერეს, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან მოგებულ (92:66) შეხვედრაში გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდა ფილიპ პეტრუშევმა 22 ქულას 8 მოხსნა წაამატა, დანილო ანჯუშიჩმა კი 20 ქულა ჩააგდო. შვეიცარიელთაგან 18 ქულით დუშან მლადიანი გამოირჩა, არნო კოტურსა და ჯონათან კაზადის კი აქტივში 13-13 ქულა ჰქონდათ.

ამგვარად, სერბეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და შანსი აქვს E ჯგუფში თამაში პირველ ადგილზე დაასრულოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დასრულდება საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეშივე 19:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ პოზიციას ქართველი კალათბურთელები დაიკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები