Thumbnail
  • სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა
  • მოგვიანებით მან სლოვენია ევროპის ჩემპიონი გახადა

49 წლის სერბ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი გახლდათ, ამჟამად კი, სერბეთის ნაკრების დამრიგებელია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

“ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული შრომისათვის”.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა. სწორედ მან გაიყვანა ჩვენი ნაკრები პირველად ევრობასკეტზე (საქართველოს სულ 3 ევროპის პირველობაზე უთავკაცა: 2011, 2013 და 2015). 2017 წელს იგორმა სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა, შემდეგ ფინიქს სანსს ავარჯიშებდა, ამჟამად კი, სერბეთის ნაკრების გარდა, სტამბოლის ფენერბაჰჩეს თავკაცია.

სხვათა შორის, 19 თებერვალს, როდესაც სერბეთის ნაკრებმა საქართველოს დიდი ანგარიშით – 92:66 სძლია, კოკოშკოვი თბილისის სპორტის სასახლეში არ ყოფილა. სწორედ ამ დღეს ფენერბაჰჩეს ევროლიგაში ბერლინის ალბასთან მატჩი ჰქონდა და იგორს საქართველოს დედაქალაქიდან თურქეთში დაბრუნება მოუხდა. დღეს, შვეიცარიის ნაკრებთან საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში გუნდი უკვე კოკოშკოვმა გაიყვანა.

🏀🇬🇪 ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Sunday, February 21, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები