Thumbnail
  • კალ სტეიტის 18 წლის ფორვარდს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
  • კოლეჯების ლიგაში დღეს ხუთმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა

21 თებერვალი ის იშვიათი დღე იყო, როდესაც NCAA-ში ხუთმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა. უკვე ვწერდით, რომ სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ჯორჯთაუნთან 22 ქულა მიითვალა, გიორგი ბეჟანიშვილმა კი მინესოტას 9 ქულა ჩაუგდო, ამას გარდა კი, მოედანზე ალექსანდრე მერკვილაძე, საბა გიგიბერია და ვილი ისიანიც გავიდნენ.

ყველაზე კარგად 18 წლის მერკვილაძემ ითამაშა, რომლის კალ სტეიტ ნორსრიჯ მატადორსმაც ჰავაის რეინბოუ უორიორსს ოვერტაიმის თავზეღა სძლია – 88:80. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 39 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 7 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა, პასივში კი მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ალექსმა 9-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა გუნდმა კი 4 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და კონფერენცია Big West-ში მე-10 ადგილზე იმყოფება. კალ სტეიტს მომდევნო შეხვედრა 27 თებერვალს ბეიკერსფილდ როადრანერსთან ელის.

იოლი გამარჯვება იზეიმა ჯორჯია ტექ იელოუ ჯეკეტსმა, რომლის ღირსებასაც 19 წლის საბა გიგიბერია იცავს. ჯორჯიელებმა მაიამი ჰარიქეინსს 87:60 მოუგეს, გიგიბერიამ კი მოედანზე 5 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა და 1 პასი ჰქონდა. საბამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ერთხელ დაჯარიმდა. ქართველი ცენტრის გუნდმა 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და კონფერენცია Atlantic Coast-ში და მე-10 პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი 24 თებერვალს ვირჯინია ტექ ჰოკისთან გამართავს.

ვილი ისიანის დეტროიტ მერსი ტიტანსმა რობერტ მორის კოლონიალსს 80:61 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე მხოლოდ 4 წუთი დაჰყო და 2 ქულა მიითვალა. ვილიმ მეტოქის ფარს ერთხელ შეუტია და ისიც ზუსტად. დეტროიტელებს კონფერენცია Horizon-ში 16-დან 10 მოგება აქვთ და მე-3 საფეხური უკავიათ. ისიანის კლუბი მომდევნო მატჩს 26 თებერვალს ისევ ხსენებულ გუნდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები