Thumbnail

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლს დღეს თბილისში ფინეთთან მატჩით დაასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ და მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მოახლოებული შეხვედრის წინ, კომენტარები საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მანუჩარ მარკოიშვილმა და კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და ალექსანდრე ფევაძემ გააკეთეს.

მანუჩარ მარკოიშვილი: “ფინეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ყველამ ვიცით, რომ მოგების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზე დავრჩებით. სამწუხაროა, რომ მომავალ შეხვედრას დანაკლისით ვხვდებით. არ გვეყოლება მთავარი გამთამაშებელი ფრენკამპი, რაც შესაძლებლობა იქნება ნაკრების სხვა კალათბურთელებისთვის თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოაჩინონ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი თამაში მოვიგოთ. ასევე ძალიან დაგვაკლდება გულშემატკივარი, რომელიც პანდემიის გამო დარბაზში დაშვებული არ იქნება. ფინეთი ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა, ზუსტად ვიცით როგორი დაცვა უნდა ვითამაშოთ, რომ ეს მატჩი მოვიგოთ”.

გიორგი შერმადინი: “დღეს ფინეთის ნაკრებთან საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი გვაქვს და მოგების შემთხვევაში, ჩვენს ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებთ. ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომაც მომავალი თამაშისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. იმედია, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დასრულდება. რაც შეეხებათ ფინელებს, მათ უკვე არაერთხელ ვეთამაშეთ და ვიცით, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. რა თქმა უნდა, მოგება მათაც სჭირდებათ, თუმცა, კარგი იქნება, თუკი წარმატებას ჩვენ მივაღწევთ და გულშემატკივარს გავახარებთ”.

გიორგი შერმადინი სერბეთთან წაგებულ მატჩში

ალექსანდრე ფევაძე: “შემიძლია ვთქვა, რომ მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ. მართალია, ნატურალიზებული კალათბურთელი არ გვეყოლება, თუმცა, ბიჭები წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სერბეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ამდენად, ვეცდებით, რომ ფინეთთან გავიმარჯვოთ და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი სასიხარულო ნოტაზე დავასრულოთ”.

ცნობისთვის, ფინეთთან დაპირისპირებების დიდი ისტორია გვაქვს, უკვე 17 წელია, რაც ამ ნაკრებს ჰენრიკ დეტმანი წვრთნის. მან საკუთარი ხუთი თითივით იცის საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები. ფინეთსაც მოხსნილი აქვს სტრესული ფაქტორი, რადგანაც გუნდმა სწორედ თბილისში შვეიცარიასთან მოგებით დაიბევა ევრობასკეტის საგზური. აქამდე ამ გუნდების 6 დაპირისპირებიდან სამი საქართველომ მოიგო, სამიც ფინეთმა. ციკლის პირველ შეხვედრაში, ესპოოში, მეტოქეს 91:85 ვძლიეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები